საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით – უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე გააკეთა.
ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმი და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხითაც.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანის მნიშვნელობას ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის საქართველოსთან მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაცია ახალი სატრანსპორტო დერეფნების, დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული საავიაციო მიმოსვლა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება. ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




