პროკურორი – ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად ვიმსჯელეთ, შევაფასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ჩადენილი ქმედების ხასიათი

სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ არცერთ მათგანს არც გადაადგილება უჭირს და რაიმე ჯანმრთელობის პრობლემაც არ ეტყობათ, – ამის შესახებ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი პატიმრობაში დატოვებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
პროკურორის განცხადებით, ინდივიდუალურად იქნა შეფასებული ყველა პირი, რომელიც აღნიშნულ საქმეშია დაკავებული და ყველას მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში.
„დღეს განვიხილეთ 15 პირის წინასასამართლო სხდომა. როგორც მოგეხსენებათ, 13 მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხოლო 2 მათგანს გირაო. ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ 13-ვე პირის მიმართ ძალაში დარჩენილიყო პატიმრობა, ვინაიდან, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი საფრთხე, რაც დასაბუთებული იყო მათ მიერ განხორციელებული თავად მათ მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათით, მათ ცადეს ხელში ჩაეგდოთ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე. გარდა ამისა, მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რამაც გამოიწვია რბევა, დაზიანება სხვადასხვა ნივთების, ათი ათასობით ლარის ზიანი, პოლიციელებზე თავდასხმა და ა.შ. ყველაფრის გათვალისწინებით სასამართლომ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება და პატიმრობა შეუფარდა მათ. რაც შეეხება, დანარჩენ ორ პირს, როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მათ შეფარდებული ჰქონდათ გირაო, მათ შორის გათვალისწინებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
რაც შეეხება დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენს მიერ შეფასებული იქნა ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეფასებული იქნა ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლებოდა პენიტენციური დაწესებულებაში მათი ჯანმრთელობის შესაბამისი მომსახურების გაწევა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას ვინ აიღებს აღნიშნულ პირებზე, მინდა გითხრათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არის შესაბამისი პირობები, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, გაუწიონ სათანადო დახმარება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აღნიშნულ პირებს, სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. ვიდეოებს კარგად ჩანს, რომ არცერთ მათგანს არც გადაადგილება უჭირს და რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ ეტყობათ. პირველ რიგში მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ის, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ.
ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში დაკავებულია და რომელსაც ბრალი ედება, ყველას მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში და ასევე ცდილობს, რომ შეიჭრას პრეზიდენტის სასახლის ეზოში და ამ მხრივ ხელში ჩაიგდოს სტრატეგიული ობიექტი. ჩვენ ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად ვიმსჯელეთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. განვიხილეთ და შევაფასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ჩადენილი ქმედების ხასიათი, მათი ასაკი და ა.შ.“, – განაცხადა როინ ხინთიბიძემ.