4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებული კახაბერ მჟავანაძე მოსამართლეს – ნუთუ არაფერს გეუბნებათ ის, რომ ყველასთვის პირველი პატიმრობაა, ნუთუ არაფერს ნიშნავს თქვენთვის?

ნუთუ არაფერს გეუბნებათ ის, რომ ყველასთვის პირველი პატიმრობაა, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს თქვენთვის და ვინმესთვის?, – ამ სიტყვებით მიმართა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა კახაბერ მჟავანაძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.
მისი განმარტებით, ყველა ბრალდებული სამშობლოს სიყვარულისთვისაა დაკავებული.
“აქ ამდენი ადამიანი ზის, ყველა უმაღლესი განათლებით, პატრიოტი ახალგაზრდები, თუ ძველგაზრდები არიან. ნუთუ არაფერს გეუბნებათ ეს, რომ ყველასთვის პირველი პატიმრობაა, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს თქვენთვის და ვინმესთვის?… მე მაგალითად, მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, ჭიშკარს ვარხევდი, მაქსიმუმ შეიძლებოდა, გატეხილიყო ბოქლომი და იქნებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა. გვერდით წაქცეული იყო უკვე ღობე, შეგიძლიათ ეს ნახოთ ვიდეოკადრებში, მე შიგნით შესვლაც კი არ მიცდია. მე ჭიშკარი გასატეხად კი არ მინდოდა და სახლში წამოსაღებად, მე მინდოდა ხმაურით გამომეხატა პროტესტი. როგორც აგერ ახალგაზრდა ადამიანმა თქვა, სულ არ ვიცნობ ამ კაცს, მით უმეტეს ჯგუფურს გვედავებით ხომ?! რომელ ჯგუფურზეა ლაპარაკი. თქვენ განსაჯეთ. ერთი ვიცი, გვისმენენ შვილები, გვისმენენ აგერ ადამიანები, ჩვენი ყოველი არასწორად გატარებული დღის გამო საპყრობილეებში, კომპენსაციის სახით მიიღებენ ჩვენი შვილები და თქვენს შვილებს უნდა შერცხვეთ მერე, ჩვენ არა“, – განაცხადა კახბერ მჟავანაძემ.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.