“სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ახალ კონცეფციას საჭიროებდა და არა დახურვას”

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც წარსულში თავად მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნაში, კრიტიკულად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ინტერესებს უგულებელყოფს, არღვევს პოლიტიკური ფორმატების ბალანსს და სოციალურადაც პრობლემებს ქმნის.
„ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს. „არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„რეალურად, საბურთალოზე ორ სართულზე მყოფი რამდენიმე ადამიანი არც პოლიტიკურად ჩანდა და არც ვინმეს ხელს უშლიდა. რთულია ვთქვა, რომ სხვა პოლიტიკური ინტერესი დგას ამ ნაბიჯის უკან. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის მოსახლეობის ინტერესების იგნორირება და ბრძოლა სააკაშვილის მემკვიდრეობის წინააღმდეგ, მაგრამ ჩანაცვლება ან ახალი კონცეფცია არავის დაუგეგმავს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ზურაბ ბენდიანიშვილი.
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია გარკვეულწილად უკანონო სტატუსით არსებობდა [თავიდანვე დროებითი ზომა იყო: დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობა უნდა განეხორციელებინა], დიდი ხანია, შინაარსისგან დაცლილი იყო. შინაარსი უნდა შეცვლილიყო და არა სტრუქტურა დახურულიყო.
“დახურვას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები”.
ბენდიანიშვილი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს ჯანდაცვის მიმართულებას:
„ადმინისტრაცია არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უწევდა სამედიცინო მომსახურებას, არამედ ცხინვალელ დევნილებსაც. ახლა გასარკვევია ვინ უზრუნველყოფს ამ მომსახურებას?
მისი შეფასებით, ადმინისტრაციის ისედაც ძალიან მწირი ბიუჯეტის [3.5 მილიონი ლარი] დიდი ნაწილი სწორედ ზე მიდიოდა.
“თუმცა, არსებობდა განათლების, პედაგოგთა მხარდაჭერის, სოციალური დახმარების მცირე პროგრამებიც, მაგრამ იმდენად მცირე იყო ბიუჯეტი, ხშირად ბევრი ღონისძიება ვერ ფინანსდებოდა”
ბენდიანიშვილის თქმით, ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო ასევე დევნილობის სტატუსის დადგენა.
„ეს სერიოზული საქმე იყო, რამდენად გაუმკლავდება ამას იუსტიცია, არ ვიცი. კითხვებიც აქვთ, როგორ უნდა გაკეთდეს”.
მისივე თქმით, ადმინისტრაციის შექმნის ერთ-ერთი არსი იყო, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონი წარმოჩენილიყო როგორც „სეპარატისტული რესპუბლიკა” და მისი საპირწონე ყოფილიყო კანონიერი ქართული სტრუქტურა, რომელიც მოსახლეობასთან კავშირს ინარჩუნებს.
„თუ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და იქ ხალხი უნდა დაბრუნდეს, მაშინ სტრუქტურა, რომელიც ამ ადამიანებთან კავშირს ინარჩუნებს, არ უნდა გაუქმდეს. ეს სოციუმის იგნორირებაა. თუ ეს სააკაშვილის მემკვიდრეობად მიაჩნდათ და ამიტომ ალაპარაკობდნენ გაუქმებაზე, როგორ აიხსნება 13-წლიანი ლოდინი?“
მისი თქმით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში მისი რეფორმირება შეიძლებოდა – არა გაუქმება.
“ადრე 400-მდე ადამიანი მუშაობდა, ახლა 70-80. ბოლო წლებში ცხინვალელები იქ თითქმის აღარ იყვნენ. შინაარსობრივად დაცლილი იყო ეს სტრუქტურა, ისევ და ისევ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების გავლენის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი აზრით, დახურვა არაა სწორი”.
ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის გაუქმება ჟენევის დისკუსიების ფორმატსაც არღვევს, რადგან:
„შეიძლება რომელიმე სოფლის წარმომადგენლით ჩაანაცვლონ, მაგრამ ბალანსი დაირღვევა – ერთ მხარეს სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი, მეორე მხარეს – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“.
ცხინვალში არსებული განწყობები
მისი თქმით, ცხინვალში ოფიციალური კომენტარების მიღმა არაოფიციალურ დონეზეც გაჩნდა რეაქცია:
„აქამდე იყო შიში, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოს გადმოსცემდა რეგიონს. შემდეგ, როცა სგან ვერ მიიღო ოცნებამ პერფერენციები, განწყობა შეიცვალა. ახლა გაჩნდა გაღიზიანებაც კი თითქოს ქართველები იმდენად აღარ სცემენ პატივს, რომ სტრუქტურა საერთოდ გააუქმეს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო