კითხვა მაქვს სამართალდამცველებთან – მაშინ, როცა მშვიდობიან აქციაზე, მშვიდობიან მოქალაქის წინააღმდეგ წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს იყენებენ, მისი უფლებები ირღვევა, მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი?, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა, ავთანდილ სურმანიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მივიდა, რათა პასუხი გაეცა უსამართლობაზე.
“ზოგადად, მებრძოლი ადამიანისთვის ციხე და სასჯელი არაფერს წარმოადგენს, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. დღეს ბრალდებულის სკამზე ვზივარ, მაგრამ ვარ დაზარალებული. [4 ოქტომბერს აქციაზე ყოფნა] ეს იყო ჩემი პასუხი უსამართლობაზე.
კითხვა მაქვს სამართალდამცველებთან – მაშინ, როცა მშვიდობიან აქციაზე, მშვიდობიან მოქალაქის წინააღმდეგ წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს იყენებენ,მისი უფლებები ირღვევა, მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი? სამართალდამცავი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩემს ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმედ მოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც “დაასაბუთეს” ჩემი დანაშაული. პოლიციელებმა, რომლებმაც ჩემ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, თვალები დახარეს”. განაცხადა ავთანდილ სურმანიძემ
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




