„Telavi Mall-ის 80% უკვე გაქირავებულია – სავაჭრო ცენტრის გახსნისთანავე მომხმარებელთა აქტივობა მაღალი იყო“ – პაპუნა კაციტაძე

Telavi Mall-ის 80%-მდე უკვე გაქირავებულია – სავაჭრო ცენტრის გახსნისთანავე მომხმარებელთა აქტივობა მაღალი იყო, – ამის შესახებ კომპანია MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, სავაჭრო ცენტრის მხოლოდ 35% გაიხსნა, თუმცა მომდევნო წლის გაზაფხულზე Telavi Mall-ი სრულად გახსნილი იქნება.
პაპუნა კაციტაძის თქმით, Telavi Mall-ის გახსნამ აჩვენა, რომ რეგიონში მსგავსი სივრცის არსებობის საჭიროება იყო.
“ამ ეტაპზე რამდენიმე ბრენდის მაღაზიაა გახსნილი, დანარჩენი რემონტდება და მალე გაიხსნება კინოთეატრიც. ამ ეტაპზე პოზიტიურად ვაფასებთ როგორც სავაჭრო ცენტრის გახსნას, ისე მოსახლეობის მხრიდან აქტივობას. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი.
სავაჭრო ცენტრს 15 000 მ² უჭირავს, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის ათვისება ეტაპობრივად მოხდება. ვაპირებთ, რომ დარჩენილ ფართობზე 5000 მ²-ზე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი “დომინო” შევიყვანოთ. ამას გარდა, ვგეგმავთ ავეჯის სარეალიზაციო ცენტრის მოწყობას, როგორიც თბილისში არის “საბა”. ამას გარდა, მომავალში ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ავტო სერვისის განთავსებას”, – აცხადებს პაპუნა კაციტაძე.
ამასთან, MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ობიექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე, 30 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, MP Development-ი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. MP Development-ი “ვისოლ ჯგუფის”, ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგ კომპანიის და საინვესტიციო კომპანია “რივერსაიდ ინვესტის” წევრია საქართველოში. კომპანიის მიზანია იყოს უმსხვილესი და ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანია ქვეყანაში. მათი პორტფელი მოიცავს – 18 სავაჭრო ობიექტს თბილისსა და რეგიონებში, საერთო გასაქირავებელი ფართით 55,490 მ².
წყარო: bp.ge