სწავლის დასრულების შემდეგ, „დეტალის“ დამფუძნებელი ბრენდის გაფართოებას გეგმავს

ანა პატაშური სამკაულის კეთებით 8 წლის წინ დაინტერესდა, ხელობა ისწავლა, მამამ სახელოსნო აუშენა, ხელსაწყოები შეიძინა და მას შემდეგ, „დეტალის“ ბრენდის ქვეშ, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის ვერცხლის სამკაულს ამზადებს.
„დეტალის“ სამკაული ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება. წონის, სირთულისა და ზომის გათვალისწინებით, ინდივიდუალური დიზაინის მქონე ბეჭდების, საყურეებისა და სამაჯურების ფასები 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.
ამჟამად ანა ლონდონში სწავლობს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ბრენდის გაფართოებას გეგმავს.
„ყოველთვის მომწონდა ვერცხლის სამკაული, მაგრამ ვერასდროს ვყიდულობდი ისეთს, როგორიც მინდოდა. 2016 წელს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, გამიჩნდა იდეა, რომ ოქრომჭედლობა მესწავლა. ვნახე ერთი ოქრომჭედელი კაცი, რომელიც ხელობას ასწავლიდა და მის ცეხში შევისწავლე სამკაულის დამზადება. შემდეგ მამამ საკუთარი სახლის ეზოში სახელოსნო ამიშენა, შევიძინე ზოგი ახალი, ზოგი ძველი ხელსაწყო და დავიწყე მუშაობა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში „დეტალის“ დამფუძნებელი და დიზაინერი ანა პატაშური.
მისი თქმით, ზოგადად, კარგი ოქრომჭედლისგან ხელობის სწავლა 1000-1500 დოლარი ღირს. თვითონ დიდი მონდომებით 6 თვეში შეისწავლა სამკაულის დამზადების ტექნიკა და „დეტალი“ შექმნა. ამის შემდეგ ვერცხლზე მუშაობს, თუმცა შეკვეთების შემთხვევაში ოქროზეც უწევს მუშაობა, ცდილობს სხვებს არ მიჰბაძოს და ორიგინალური მოდელების სამკაული შექმნას.
დროთა განმავლობაში „დეტალი“ საოჯახო ბიზნესად იქცა. სამუშაო პროცესში ანას დედა და მამა ეხმარება.
„უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში „ერასმუსის“ პროგრამით მომიწია იტალიაში წასვლა, ახლა ლონდონში ბიზნეს-ადმინისტრირებას ვსწავლობ. ამ საქმიანობისთვის თავი დანებება დამენანა. რიგით ოქრომჭედელს უჭირს ისეთი რამეების კეთება, რასაც მე ვაკეთებ, ან ეზარება. ყურება-ყურებაში დედაჩემმა ისწავლა სამკაულის კეთება და ძალიან მეხმარება. მამაც გვერდიშ მიდგას, ინჟინერია და ერკვევა ამ საქმეში“, – გვიყვება ანა.
ფასს რაც შეეხება „დეტალის“ ვერცხლის სამკაული ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ იყიდება. სამომავლოდ ანა შოურუმის მოწყობას და ბრენდის გაფართოებას გეგმავს.
„ჯერ მხოლოდ ონლაინ, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ვყიდი. სწავლის პარალელურად არ მაქვს დრო, რომ მეტი სამკაული გავაკეთო. ბევრისთვის ძალიან რთულია სამკაულის ყიდვა ნახვის გარეშე და ყველა მეკითხება – შოურუმი თუ მაქვს. სწავლას რომ დავასრულებ, გეგმაში მაქვს გაფართოება. ახალ სამკაულზე და კოლექციაზე სულ ვმუშაობ, ახლა დაახლოებით 20 ახალი ბეჭედი მაქვს, ფოტოსესია იქნება და ისინიც გამოჩნდება გაყიდვაში“, – ამბობს ანა პატაშური