სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინეთში გამართულ აგრარული ტექნოლოგიების სატრენინგო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

აგრარული ტექნოლოგიების საერთაშორისო სატრენინგო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში, ასევე ბეიჯინგსა და იანტაიში გაიმართა.
სასაწავლო პროგრამა ითვალისწინებდა აგრარული სექტორის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კვლევითი ლაბორატორიები, სასათბურე და სასაქონლო მეურნეობები, მონიტორინგისა და შეფასების ინფრასტრუქტურა და პირადად გასცნობოდნენ ჩინეთის აგრარულ სექტორში დანერგილ თანამედროვე პრაქტიკებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე კვლევითი მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურულ და ტექნოლოგიურ მნიშვნელობას, ქვევრის ღვინის უნიკალურ ტექნოლოგიასა და ქვეყნის აბორიგენული ჯიშების მრავალფეროვნებას. ქართული იშვიათი ჯიშების დეგუსტაციამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის პროფესიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
სატრენინგო პროგრამაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების 14-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა.
პროგრამა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კომერციის სამინისტროს, ჩინეთის საელჩოსა და Hubei Vocational College of Bio-Technology-ის მიერ.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს