UNFPA ევროკავშირის მხარდაჭერით, ციფრული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას – Bodyright, იწყებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიით – Bodyright, გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) სურს, რომ ყველა ქალი, გოგო და ახალგაზრდა თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს ონლაინ სივრცეში.
კამპანია Bodyright, რომელიც პროგრამის „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, ოფიციალურად 26 ნოემბერს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის პარალელურად დაიწყო და ციფრული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ამ კამპანიის საშუალებით, UNFPA-ის სურს ციფრული უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ღია დიალოგის წამოწყება და ამ მზარდი გამოწვევის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარება საქართველოში ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის (TF GBV) აღსაკვეთად. კამპანიით Bodyright, UNFPA ხაზს უსვამს სხეულის ავტონომიის მნიშვნელობას და შეახსენებს ყველას, რომ ჩვენი სხეული, ინფორმაცია და უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული ციფრულ გარემოში, როგორც ეს ფიზიკურ სივრცეშია.
კამპანიის ფარგლებში, თეატრში „ჰარაკი“ ქალების, გოგოებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ერთ-ერთ მზარდ ფორმაზე TF GBV-ზე არსებული დოკუმენტური მასალების საფუძველზე შექმნილი მონოლოგების სერია „ციფრული ძალადობა რეალურია“ გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტრებუკმა და UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ TF GBV-ის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„წლების მანძილზე, ევროკავშირი 20 000-ზე მეტ გენდერული ძალადობის მსხვერპლს დაეხმარა და მთელი საქართველოს მასშტაბით, 8 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია პრევენციის, დაცვისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის გამოიყენა. რამდენადაც ძალადობა მზარდად ინაცვლებს ციფრულ სივრცეში, თითოეული ქალი და გოგო იმსახურებს დაცვას ონლაინ, ისევე, როგორც „ოფლაინ“. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მხარს უჭერს კამპანიას Bodyright, რათა ციფრული სივრცე გახდეს მეტად დაცული და უსაფრთხო“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
„ციფრული ძალადობა რეალურია და ქალებსა და გოგოებს აქვთ უფლება, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ნებისმიერ სივრცეში – ონლაინ თუ „ოფლაინ“. ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი, სერვისი და ინფორმაცია გადადის ონლაინ, მაგრამ რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ციფრული ცხოვრება, იზრდება რისკებიც. იგივე პლატფორმები, რომლებიც გვაკავშირებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას შევიწროების, დაშინებისა და ზიანის მიყენებისთვის. ციფრული ძალადობა არ არის ვირტუალური. მისი შედეგები რეალურია და გავლენას ახდენს სიცოცხლეზე, კეთილდღეობაზე და შესაძლებლობებზე. ერთად ვიზრუნოთ, რომ ციფრული სამყარო გახდეს შესაძლებლობების და არა შიშის სივრცე“, – აცხადებს დიდიე ტრებუკი.
„UNFPA-ს დნმ-სა და სტრატეგიულ მისიაშია ქალებისა და გოგოების მხარდაჭერა მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ამას ემსახურება Bodyright კამპანია, როგორც მოძრაობა, რომელიც მოითხოვს ციფრული ძალადობის სერიოზულად აღქმას. ჩვენი სხეული, გამოსახულებები და ინფორმაცია ჩვენ გვეკუთვნის, ონლაინ და „ოფლაინ“ის დაცული უნდა იყოს. შემოგვიერთდით, რათა ყველა ქალმა, ყველა გოგომ და ყველა ახალგაზრდამ შეძლოს უსაფრთხო ციფრულ სამყაროში ცხოვრება“,- განაცხადა მარიამ ბანძელაძემ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღევანდელ მსოფლიოში, მზარდი გაციფრულების ეპოქაში, ძალადობამ ონლაინ სივრცეშიც შეაღწია, სადაც იგი თავს იჩენს ახალი და სწრაფად გავრცელებადი ფორმებით. ციფრულმა პლატფორმებმა და ტექნოლოგიებმა მოძალადეებს ქალებსა და გოგოებზე მათ ტელეფონებზე, სახლებსა და სამუშაო ადგილებზე წვდომის შესაძლებლობა მისცა.
„TF GBV გლობალურ მოვლენად იქცა, რომელიც მოიცავს კიბერადევნებას, სიძულვილის ენას, დოქსინგს და ინტიმური ფოტოებისა თუ ვიდეოების, მათ შორის „დიფფეიკების“ თანხმობის გარეშე გავრცელებას. ონლაინ სივრცეები, რომლებიც ადრე კავშირების დამყარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოცენების ადგილებად მიიჩნეოდა, დღეს ძალადობისა და შეურაცხყოფის ასპარეზად ქცეულა.
როგორც ყველას აქვს უფლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს ქუჩაში სეირნობისას, ასევე აუცილებელია, თავს დაცულად ვგრძნობდეთ ვირტუალურ სამყაროშიც. თუმცა, დღეს, სიმღერა ან ლოგო, საავტორო უფლებების მეშვეობით, ხშირად უფრო დაცულია ციფრულ სივრცეში, ვიდრე ადამიანის სხეული. სოციალური მედიის პლატფორმები და სხვა ციფრული სივრცეები იქცა ასპარეზად, სადაც გოგონები და ახალგაზრდები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა თუ გამოსახულების გამოყენებით ძალადობის მსხვერპლი და სადაც ხშირად ირღვევა მათი სხეულის ავტონომია.
როდესაც ადამიანის ფოტოს ან ვიდეოს გადაღება, დამუშავება და გავრცელება მისი თანხმობის გარეშე ხდება, ეს არა მხოლოდ კონფიდენციალურობის დარღვევაა, არამედ მისი ღირსებისა და სხეულის ავტონომიის შელახვაც. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენდერული უთანასწორობაა, რომელიც ახლა ახალი ფორმით ვლინდება. შედეგები შესაძლოა იყოს კატასტროფული: შიში, შფოთვა, უმწეობის განცდა, თვითშეფასების დაქვეითება და გრძელვადიანი ემოციური ტრავმა. ქალები, გოგოები, ახალგაზრდები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფები ყველაზე დაუცველნი არიან მათი თანხმობის გარეშე მათი სურათებისა ან ვიდეოების ბოროტად გამოყენების საფრთხისგან, შეურაცხყოფისა და დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან.
კვლევების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, ქალების 85% სხვა ქალების მიმართ ონლაინ ძალადობის შემთხვევების მოწმეა, ხოლო თითქმის 40%-ს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ონლაინ ძალადობა ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის მქონე მოზარდი გოგოების 64% ციფრული მონაცემები აღებულია Economist Intelligence Unit-იდან, 2020 წელი.
ტექნოლოგიებით აქტიურად სარგებლობს და სწორედ ისინი წარმოადგენენ TF GBV-ის მიმართ განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფს. სიძულვილისა და ძალადობის მზარდი ტალღა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მათ, ვინც ამგვარი ძალადობის სამიზნეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენას ხშირად უგულებელყოფს კანონმდებლობა, საზოგადოება, საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც, კვლავაც, საავტორო უფლებების დაცვაზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ადამიანებისა და მათი ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზე.
„ციფრული ძალადობის წინააღმდეგ Bodyright“ კამპანია ხორციელდება პროგრამის „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.
გაიგეთ მეტი კამპანიის Bodyright შესახებ: https://georgia.unfpa.org/ka/bodyright
ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri- sakartveloshi/ “,- ნათქვამია ინფორმაციაში.




