სამედიცინო კუთხით, კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს სთხოვა, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში არ დაეტოვებინა.
„შემოსული იყო ექიმი, უროლოგი და მითხრა, რომ თირკმელებს კარგი მდგომარეობა არ აქვს და მითხრა, ახლოს ხარ თირკმელების დაკარგვასთანო, რომ იცოდეთ, მაქვს კენჭები და პოლიკისტოზი, ესენი ერთმანეთს უშლიან ხელს, რომ სწორად და ჯანსაღად იმუშაოს თირკმელებმა. ჩემი პატიმრობაში ყოფნა და აღკვეთის ღონისძიება სამედიცინო ნორმებს მოკლებულია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ კანონითაც მაქვს უფლება, ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს.
დროული, აუცილებელი, კომპლექსური მიხედვა ჭირდება ჩემს ჯანმრთელობას. სამედიცინო კუთხით, კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება. კონსტიტუციის მე-15 მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება აქვს, შესაბამისად, მეც გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
შეგიძლიათ დაიბაროთ ციხის ექიმი, გამოჰკითხოთ, ისიც იგივეს გეტყვით, რაც მე ვთქვი”,- განაცხადა რურუამ.
მისი ადვოკატის, ია სირანაშვილის განმარტებით, გიორგის დედა ჰყავს გარდაცვლილი, ის დეიდამ გაზარდა. ჰყავს ცოლი და შვილი.
„ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ, გიორგი „დომინოში” მუშაობდა და ოჯახს ის არჩენდა. 3 – წამიანი ვიდეოს გარდა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება”,- განაცხადა ადვოკატმა. მას მოსამართლემ ჰკითხა, ექსპერტიზისთვის ხომ არ მიუმართავთ, რაზეც ადვოკატმა უთხრა, რომ არა.
პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას იღებენ.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.




