საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებ-გვერდი, აპლიკაცია და სხვა), მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და ფორმით განათავსოს ან მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული პირის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„შესაბამისი ცვლილება „ცვლილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ განხორციელდა. ცვლილება უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდას და ამ გზით მათი ინტერესების დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნის პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების პროცესს. ცვლილება თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან.
ამასთან, ეს იქნება დამატებითი მექანიზმი, რომელიც გაამარტივებს ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმურობის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას და შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. აღნიშნულის თაობაზე, ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოქალაქეებს, არ ისარგებლონ არარეგისტრირებული სუბიექტის ვირტუალური აქტივის მომსახურებით“, – წერია სებ-ის განცხადებაში.
რეგულირების წესში ცვლილება 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.




