ეკა სეფაშვილი განათლების რეფორმაზე: რეფორმა იმგვარად არის დანახული, რომ საზოგადოების ყველა წევრის ყველა ტიპის სურვილი გათვალისწინებულია
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას და ამავე საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განმარტებებს ეხმიანება. „ეს მიმართულება პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას – არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12-წლიანი სწავლა დროის ფუჭად ხარჯვაა, რადგან ისინი არ აპირებენ განათლების საზღვარგარეთ მიღებას; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთ“, — განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ ქართულ უნივერსიტეტებში შეძლებენ სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღებას.
თუ საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, მათ შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი პროგრამებით, როგორიც არის „Erasmus+“. „ვფიქრობ, განხორციელდება განათლების ეს რეფორმა. რაც შეეხება 11- და 12-წლიან სწავლებას — ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი ფორმით. ვისაც სურს, დაამთავრებს 11 კლასს და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ შეექმნება პრობლემა, ხოლო ვისაც სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მათთვის იქნება შექმნილი 12-წლიანი სწავლება და არც მათ შეექმნებათ პრობლემა.
ანუ ეს იქნება ნებაყოფლობითი არჩევანი და არავითარი დაძალება არ მოხდება ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავდება რეფორმა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მე-12 კლასის დამთავრება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები გეგმავენ ან პოტენციურად განიხილავენ საზღვარგარეთ სწავლას. ეს მიმართულება პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას – არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12-წლიანი სწავლა დროის ფუჭად ხარჯვაა, რადგან ისინი არ აპირებენ განათლების საზღვარგარეთ მიღებას; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ის ადამიანები და ახალგაზრდობა, რომლებიც 11 წელს დაამთავრებენ და მოხვდებიან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, შეძლებენ საზღვარგარეთ განათლების მიღებასაც — მათ შეუძლიათ ისარგებლონ „Erasmus+“-ის პროგრამით ან სხვა საერთაშორისო პროგრამებით. ანუ, მას შემდეგ რაც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემაში მოხვდებიან, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ ისეთი, რომ ვერ შეძლონ სწავლა საზღვარგარეთ. თუ ადამიანს სურს პირდაპირ საზღვარგარეთ განაგრძოს სწავლა და ქართულ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბაროს, მისთვის იქნება შექმნილი მე-12 კლასი, რათა არ შეექმნას პრობლემა. ვფიქრობ, რომ რეფორმა იმგვარად არის დანახული, რომ საზოგადოების ყველა წევრის ყველა ტიპის სურვილი გათვალისწინებულია და არ იქნება არანაირი პრობლემა არც 11 წლიანი და არც 12 წლიანი სწავლის შემთხვევაში,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.



