9 თვის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე ზრდის ტემპი შედარებით შენელდა – „არდი“ (bm.ge)

9 თვის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე ზრდის ტემპი შედარებით შენელდა – „არდი“ (bm.ge)
სადაზღვევო კომპანია “არდიში” აცხადებენ, რომ 9 თვის მონაცემებით, სექტორის ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ დონეზე რჩება.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის 9 თვის მონაცემების შეფასებისას განუცხადა, თუკი გასულ წლებში ანალოგიურ პერიოდში მოზიდული პრემიის ზრდის ტემპი 16-18%-ის ფარგლებში იყო, ახლა მაჩვენებელი 11%-მდეა შემცირებული.
მიხეილ ჯაფარიძის განმარტებითვე, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოდაზღვევის ნაწილში მოზიდული პრემია უფრო მეტად ფასების ზრდის ხარჯზე იზრდება და შედარებით ნაკლებად დაზღვეულთა რაოდენობის.
“9 თვის მონაცემებით ძირითადი დინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ეს გულისხმობს იმას, რომ ბაზარმა ზრდის ტემპი შედარებით შეანელა. თუ 16-17-18% ზრდა გვქონდა ხოლმე წინა წლებში ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ამ ჯერზე დაახლოებით 11%-ზე ოდნავ მეტი ზრდა არის 9 თვის შედეგებით. ძირითადი კონტრიბუტორები, ანუ ძირითადი მამოძრავებელი ელემენტები მთელი სადაზღვევო ბაზრის არის ჯანმრთელობის დაზღვევა, შემდეგ ავტო და ქონების დაზღვევა. დანარჩენი სახეობები უკვე ჯამში შედარებით მცირე მონაწილეობას იღებენ ბაზრის საერთო მონაცემებში.
ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც აქ არის მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით დაზღვეულთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, მოცულობაში კი ბაზარი 11%-ითაა გაზრდილი. იმავენაირად ავტოდაზღვევა – თუ მოცულობაში 20%-ით გაიზარდა, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა 9%-ით. ანუ რეალურად, ფასის გაძვირების ეფექტი აქ აშკარად ჩანს. გამოდის, რომ ფასები სადაზღვევო პოლისებზე 2-3 ჯერ უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე დაზღვეულთა რაოდენობა”, – აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.
“არდის” გენერალური დირექტორის განცხადებითვე, ბოლო პერიოდში ფიქსირდება ტენდენცია, როდესაც საცალო დაზღვევის მიმართულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კორპორაციული.
“ერთი ტრენდი რაც ასევე შეინიშნება არის ის, რომ უფრო მეტად საცალო დაზღვევის მიმართულებით ვითარდებიან სადაზღვევო კომპანიები და შედარებით უფრო თავს იკავებს და ფრთხილობს კორპორაციული სექტორი, თუნდაც ფასის ზრდის ფონზე. კორპორაციული დაზღვევა ბიუჯეტის მიმართ უფრო სენსიტიურია, ეს ეტყობა ბაზარსაც და მონაცემებსაც, ავტოდაზღვევა იქნება, ქონების დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა თუ სხვა დაზღვევის სახეობები”, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი 11.6%-ით გაეზარდათ.