26 ნოემბერს, საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში გაიმართა სახელოვანი ქართველი მოქანდაკის – გიორგი შხვაცაბაიასთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას დაემთხვა .
სწორედ ოლიმპიის მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრშია აღმართულია გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება – „მშვიდობის ჩირაღდანი.“ ეს მოხდა 1992 წლის 5 ივნისს (ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების დღეს), ახალდაარსებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით და ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებით.
„33 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ოლიმპიის მერიამ, ქართველი სკულპტორის ღვაწლის და მაღალი ხელოვნების აღიარების ნიშნად, მიიღო მეტად სასიხარულო გადაწყვეტილება გიორგი შხვაცაბაიასთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.
შხვაცაბაიას შესაბამისი რეგალიები გადასცა ოლიმპიის მერმა არისტიდის პანაიოტოპულოსმა – „სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვენს უძველეს ქალაქს, მის ცენტრალურ მოედანს ამშვენებს ქართველი მოქანდაკის შესანიშნავი ქმნილება. მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება მერიისა და ჩვენი თანამოქალაქეების სახელით მივესალმო ბატონ გიორგის და მივულოცო ეს აღიარება.“
თავის მხრივ, გიორგი შხვაცაბაიამ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს ასეთი დაფასებისთვის და ოლიმპიის მერიას საჩუქრად გადასცა მედალი „მშვიდობის ჩირაღდნის“ გამოსახულებით.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მასთან ერთად ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები – დავით ჯალაღანია და ვარლამ ბაძაღუა, პროფესორი ზურაბ შხვაცაბაია.
იმავე დღესვე საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ცერემონიას, რომელიც უამინდობის გამო ამჯერად გაიმართა არა ტრადიციულ ადგილას – ზევსის ტაძრის ნანგრევებთან, არამედ დახურულ სივრცეში – ანტიკური ოლიმპიის არქეოლოგიის მუზეუმში“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




