27 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაიღუპა სულ მცირე 44 ადამიანი. 279 დაკარგულად ითვლება.
ჰოსპიტალიზებულია 60-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
26 ნოემბერს გაჩენილმა ხანძარმა კომპლექსის შვიდი საცხოვრებელი კორპუსი მოიცვა. მობინადრეების დიდმა ნაწილმა ევაკუირება მოასწრო.
ცეცხლს 27 ნოემბრის დილამდე აქრობდა 700-ზე მეტი მეხანძრე.
სახელმწიფო საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც 4000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
უშუალოდ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
პოლიციამ გულგრილობის ბრალდებით დააკავა სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის სამი წარმომადგენელი. პოლიციის თანახმად, სახლების გარშემო დადგმული ბამბუკის ხარაჩოები ცეცხლგამძლე არ იყო, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფად გავრცელებას.
ჰონკონგს ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
ფორუმი




