რეპტილიები შინაურ ცხოველებად – რა ღირს გველი და ქამელეონი საქართველოში და რამდენად დიდია მათზე მოთხოვნა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში საქართველოში 27.24 ათასი დოლარის 0.6 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა. 2022 წელს საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 42.34 ათასი დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი 0.86 ტონა.
როგორია რეპტილიებზე მოთხოვნა და რამდენად პოპულარულია მათი ე.წ მოშინაურება საქართველოში. „კომერსანტმა“ კითხვით ზოომაღაზიებსა და ზოოპარკს მიმართა.
ის რომ მოთხოვნა გაზრდილია, ადასტურებენ „ზოოტოპიაში“
„დღეის მდგომარეობით „ზოოტოპიაში“ გვყავს, იგუანა, ქამელეონი, აგამა, ბაყაყები, ხვლიკები, გველები და სხვა რეპტილიები. რაც შეეხება გველის ფასს 850 ლარი ღირს და ჯიშის მიხედვით ცვალებადია.
ბოლო დროს მოთხოვნა გაზრდილია, განსაკუთრებით ქამელეონებზე. რაც შეეხება ქამელეონის ფასებს სახეობების მიხედვით განსხვავდება, ღირს 1099 ლარი , 750 ლარი, 490 ლარი. ამ ეტაპზე დაახლოებით 7 ქამელეონი და 4 გველი გვყავს“- აცხადებენ „ზოოტოპიაში“. მათი თქმით, მოთხოვნა ძირითადად კერძო პირებისგან არის და რეპტილიები სახლში მიჰყავთ.

რეპტილიები შემოჰყავს ზოოპარკსაც, თუმცა როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათი შემოყვანა სხვა ქვეყნების ზოოპარკებიდან ხორციელდება და შეძენა კერძოდ არ ხდება. ზოოპარკის ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ მიუღებელია რეპტილიების შინაურ ცხოველად ყოლა.
„ზოოპარკს როგორც წესი ცხოველები შემოჰყავს მხოლოდ და მხოლოდ სხვა ზოოპარკებიდან. ამჟამად ძალიან პოპულარულია ქვეწარმავლები როგორც pet და შესაბამისად ძალიან დიდი რაოდენობით შემოჰყავთ. ზოოპარკებისთვის ეს არის მიუღებელი და ჩვენ როგორც საერთაშორისო ზოოპარკების და აკვარიუმების წევრები, ამის პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. ცხოველები შესაბამის პირობებში არ ცხოვრობენ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და ეს არის დიდი საფრთხე ცხოველებისთვის. ზოოპარკში კი ცხოველები კონკრეტული მიზნებისთვიაა, აღდგენაში მონაწილეობა და ა.შ“ – აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.
კორონავირუსის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალული იყო.
აღსანიშნავია, რომ რეპტილია იმპორტის დროს ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება