მომხდარზე დღეს ზუსტად ვერ ვისაუბრებ, ამის გარკვევის დრო მალე დადგება – პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერზე

„მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარესამყაროს, შესაბამისად მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება“, – განაცხადა დაპატიმრებულმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
„პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას“, – განაცხადა მან დღეს საღამოს, 26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.
„ბევრ თქვენთაგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის – მეც. ათონელის სასახლესთან ვიცით, რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, – თქვა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს „მშვიდობიანი დამხობა შედგა“ – „შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე“ და „ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეულით“.
მისი შეფასებით, „ასობითათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის („ოცნების“) აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია“.
„წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს. ყველასთვის ნათელია, თუ რისთვის კეთდება ეს – “ოცნება” ცდილობს, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო მათი ქცევა – ანუ სამშობლოს ღალატი – გმირობად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, იმის დასტური, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, არის „ის, რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“.
„ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია“, – თქვა ბურჭულაძემ.
დღეს, 26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საქმეზე ბრალდებული ათი ადამიანი, რომელთა საქმეც დღეს განიხილებოდა. მათ შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები , პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
დაკავებამდე, აქციის შემდეგ, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძის თანამოაზრემ, პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ მომიტინგეებს მოუწოდა, არ ენდონ „რესურსიან ხალხს“ და პრინციპებისთვის იბრძოლონ.
· პაატა ბურჭულაძის ვაჟმა აქციის ჩავარდნა „ღალატს“ დაუკავშირა და მოუწოდა დაკავებულ ორგანიზატორებს, გაამჟღავნონ გეგმის დეტალები.
· მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ განაცხადა, რომ დემონსტრანტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეცრაზმის სახით „სიურპრიზი“ დახვდათ.
„ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს. აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“, – თქვა ზოდელავამ.
ლექსო ბურჭულაძემ 5 ოქტომბერს ივარაუდა, რომ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აქციის დაწყების შემდეგ, „ღალატის“ შედეგი იყო. მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ პაატა ბურჭულაძე „არსად არ ამბობდა“, თუ რა იყო დაგეგმილი 4 ოქტომბერს: „ერთადერთი, რასაც მეუბნებოდა და რაც ჩამრჩა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება იქნებოდა მშვიდობიანი“.
ფორუმი