რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რეგიონების მეთაურები ახალი თავდასხმების შესახებ საუბრობენ.
გასულ ღამეს, 18 იანვრის დადგომის შემდეგ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ პოდოლსკის რაიონში, მოსკოვის მიმდებარედ, ჩამოაგდეს დრონი, რომელიც “მოსკოვისკენ მიფრინავდა”.
ამ ცნობიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაწერა, რომ მოსკოვის ოლქში ერთი, ლენინგრადის ოლქში კი მეორე დრონი მოიგერიეს. სამხედრო უწყება ამას, როგორც ყოველთვის, კიევის “ტერაქტს” უწოდებს.
ტელეგრამ-არხი SHOT-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ლენინგრადის ოლქში ჩამოგდებული უკრაინული დრონის სამიზნე სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალი იყო.
ამ შემთხვევებიდან რამდენიმე საათში საჰაერო განგაში ამოქმედდა ბელგოროდის ოლქსა და თავად ქალაქ ბელგოროდშიც. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინელებმა ისროლეს ათი რაკეტა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ათივე ჩამოაგდო. ცნობების მიხედვით, დაშავდა ერთი მოქალაქე.
აქამდე, 17 იანვრის საღამოს საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ მათ თავდასხმები ბრიანსკის ოლქში მოიგერიეს, ჩამოაგდეს 2 Точка-У-ს ტიპის რაკეტა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.
პარალელურად, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები მიიტანა.