როგორ უნდა დაიცვას ციფრულმა პლატფორმებმა მომხმარებლები?

ციფრულ რეალობაში, სადაც აპლიკაციები და ალგორითმები მუდმივად აგროვებენ და ამუშავებენ ჩვენ შესახებ ინფორმაციას, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ რთული პაროლებითა და ერთხელ დაყენებული კონფიდენციალურობის პარამეტრებით საკმარისი აღარაა.
ამას გარდა, უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ მომხმარებლის ვალდებულება არაა, ამაზე თავად ციფრული პლატფორმებიც უნდა ზრუნავდნენ – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე არასრულწლოვანებს ეხება.
აი, როგორ:
თომომი ტანაკა Safety by Design Lab-ის დამფუძნებელია. მან უსაფრთხო დიზაინი 20-ზე მეტ მობილურ აპლიკაციაში დანერგა.
კითხვაზე – უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად რომელ ფუნქციას დაამატებდა აპლიკაციებში, ის გვპასუხობს: მომხმარებლის ასაკის გადამოწმება პირადი ინფორმაციის დაცვით. მისი თქმით, ეს რამდენიმე ეტაპის გავლის შედეგად იქნება შესაძლებელი:
· ასაკის განსაზღვრა პირდაპირ მოწყობილობაზე – ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი ან კომპიუტერი თავად აფასებს მომხმარებლის ასაკს ისე, რომ მონაცემები სადმე სერვერზე არ ინახება;
· ბიომეტრიული მონაცემები – ინახება მხოლოდ მოწყობილობაში და სერვერზე არ გადადის;
· ასაკის განსაზღვრა მომხმარებლის ქცევის მიხედვით;
· დიზაინი, რომლებიც ავტომატურად ერგება მომხმარებლის ასაკს.
„ასაკის შემოწმება მხოლოდ იმისთვის არაა, რომ ბავშვები პლატფორმებზე არ შევიდნენ – ის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროდუქტის გამოცდილება შეესაბამებოდეს ახალგაზრდა მომხმარებლების განვითარების საჭიროებებსა და მოწყვლადობას“, – გვეუბნება თომომი ტანაკა.
ციფრულ პლატფორმებზე ბავშვებისა და მოზარდების დაცვა აღარ არის მხოლოდ ეთიკური ვალდებულება, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკვე კანონითაც არის რეგულირებული. მაგალითად, ავსტრალიაში პლატფორმებს ევალებათ 16 წლამდე მომხმარებლების ასაკის გადამოწმება, ხოლო თუ გადამოწმება ვერ ხერხდება, ისინი ვალდებულები არიან, ასეთი ანგარიშები წაშალონ.
ასეთი რეგულაციები ტექნოლოგიურ ინდუსტრიას მკაფიო სიგნალს აძლევს: უსაფრთხოების საკითხები აღარ შეიძლება იყოს დამატებითი ფუნქცია, რომელიც მხოლოდ პროდუქტის დასრულებისას გაახსენდებათ. სწორედ ამ მიდგომას უსვამს ხაზს თომომი ტანაკაც. მისი თქმით, უსაფრთხოება ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პროდუქტის საწყის დიზაინშია ჩადებული და არა მოგვიანებით დამატებული, როგორც რეაქციული პასუხი უკვე შექმნილ პრობლემებზე. როგორც თავად ამბობს: “უსაფრთხოება უნდა დაინერგოს პირველი პროტოტიპიდან, არა საბოლოო პროდუქტიდან.”
პროდუქტების დიზაინში პასუხისმგებლობიანი მიდგომა მოითხოვს იმის გათვალისწინებას, თუ როგორ შეიძლება, ფუნქციები არა მხოლოდ სასარგებლოდ, არამედ საზიანოდაც იქნას გამოყენებული. ამის გასაგებად კი საჭიროა პასუხი შემდეგ კითხვებზე:
· როგორ შეიძლება ამ ფუნქციის ბოროტად გამოყენება?
· რას გააკეთებდა ცუდი აქტორი ასეთ სცენარში?
· ვინ არის ყველაზე მოწყვლადი მომხმარებელი ამ ინტერაქციაში?
გარდა ამისა, რადგან მომხმარებლების უმეტესობა არასოდეს ცვლის კონფიდენციალურობის მენიუს, პლატფორმამ თავიდანვე უნდა უზრუნველყოს ისეთი პარამეტრები, რომლებიც ზღუდავს ზედმეტი ინფორმაციის გაზიარებას, უცნობებთან დაუცველ ურთიერთობებს და ასაკისთვის შეუსაბამო ფუნქციებს.
რატომ არ იყენებენ ადამიანები უსაფრთხოების ფუნქციებს?
ტანაკას თქმით, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული აღმოჩენაა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს ნამდვილად სურთ უსაფრთხო ონლაინ სივრცე, ისინი იშვიათად იყენებენ იმ ფუნქციებს, რომლებიც სწორედ მათ დასაცავად არის შექმნილი. უსაფრთხოების ეფექტიანობა ვერ დაეფუძნება მომხმარებლის მუდმივ სიფრთხილეს ან მათ აქტიურ ჩართულობას. პირიქით – სწორად შემუშავებული სისტემები თავად უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას ისე, რომ მომხმარებელს მინიმალური ძალისხმევა დასჭირდეს. მაგალითად, ავტომატური ბლარიფიკაცია, ტოქსიკური კონტენტის პროაქტიული მონიშვნა და ა.შ.
როგორ შეიძლება უსაფრთხოება დაინერგოს ტექნოლოგიის ყველა საფეხურზე? ამ და სხვა კითხებზე უფრო დეტალური პასუხების მიღება თომომი ტანაკასგან შეგეძლებათ DataFest Tbilisi-ზე — ტექნოლოგიურ ფესტივალზე, რომელიც 27-29 ნოემბერს იმართება – https://www.datafest.ge/
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”