ირაკლი კობახიძე – დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქში ჭარბ დატვირთვას იწვევს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქში ჭარბ დატვირთვას იწვევს.
როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, განათლების რეფორმაზე საუბრისას განმარტა, მთავრობას სურს აქცენტი გაკეთდეს ქუთაისსა და რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც აღნიშნულ ქალაქებს განვითარებაში დაეხმარება და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
„პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის, მათ შორის კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის, მათ შორის იმ დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისთვის, რომელიც კონკრეტული ქალაქების და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით დგას. დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში,რაც დედაქალაქში წარბ დატვირთვას იწვევს. ამ პირობებში, სათანადოდ არ არის დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები. ძირითადად, ეს ქუთაისს და რუსთავს ეხება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია. კონკრეტულად, გვინდა აქცენტი გავაკეთოთ 2 ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ეს არის ქუთაისი და რუსთავი. კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც აღნიშნულ 2 ქალაქს განვითარებაში დაეხმარება და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ამ 2 ქალაქის განვითარებისთვის. რაც შეეხება ქუთაისს, გვინდა ქუთაისი ჩამოყალიბდეს, როგორც რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის თბილისი და გვინდა ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად ამ მიმართულებით, ამისთვის უნდა შეიქმნას ქუთაისში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე მთავრობას სურს განვითარდეს რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, რაც ეხება ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს და ა.შ.
„ეს იმისთვის, რომ რეგიონულმა უნივერსიტეტებმა მეტი სტუდენტის მიღება შეძლონ. საბოლოოდ, ეს გამოიწვეს იმას, რომ მკვეთრად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში. ვფიქრობთ, 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება