პრემიერი – იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის – ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში და იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის – ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება თბილისს, ვინაიდან სხვა ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, ჰქონდეთ ერთზე მეტი ფაკულტეტი.
„თბილისში არის ეს გამოწვევა. არის ჭარბად დაშლილი სისტემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უმაღლესი განათლების საერთო ხარისხი არის დაბალი და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ოპტიმიზაციის მიმართულებით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში – საშუალოზე დაბალი, მესამეში – საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში – კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 4-წლიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიც არის პირობითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ანუ შეგვიძლია, ოპტიმიზაციის პირობებში თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება