ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინამ ოლქის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დღეს დილით ბელგოროდის ოლქში ათი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგები: ჩვენი მიმართულებით ათი რაკეტა გამოუშვეს, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა წარმატებით ჩამოაგდო“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია რაიმე დაზიანების შესახებ, გარდა იმისა, რომ ბელგოროდის რაიონში, ერთ სახლში მინა ჩაიმსხვრა.
დღეს დილით ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. მოსახლეობას ურჩიეს, სახლებში დარჩენილიყვნენ და ფანჯრებს არ მიახლოებოდნენ. მოგვიანებით განგაში გაუქმდა.