ძალიან მარტივია ჩვენი გზავნილი: – არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება! კრწანისის ფართობი არის 120-ჯერ ნაკლები ტერიტორია თბილისის ფართობთან შედარებით და მონაკოს ტერიტორიასთან შედარება ცალსახად სპეკულაციურია! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც ინტერპელაციის ფორმატში, EAGLE HILLS-ის პროექტზე სასაუბროდ მივიდა.
კობახიძემ ოპოზიციას მიმართა, რომ არასწორი აღქმების შექმნას იაფფასიანი სპეკულაციებით ნუ შეეცდებიან.
“პროექტ ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორციელდება. აქედან კრწანისის ტერიტორია არის დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი. რაც შეეხება გონიოს ტერიტორიას – ეს არის დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობი.
აქაც ათასგვარი სპეკულაცია გვესმის. აქაც ჩანს კოორდინაცია როდესაც ერთი და იგივე რამეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იმეორებს. ამბობენ, რომ ეს არის მონაკოზე ოთხჯერ მეტი ტერიტორია. არ ვიცი, ასეთი სპეკულაციური განცხადებებით ვისზე შეიძლება იმოქმედო. საქართველოში ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მონაკო არის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფო, როგორც ამ ქვეყნებს უწოდებენ და მათ შორისაც არის ყველაზე პატარა სახელმწიფო. სინამდვილეში ეს არის ძალიან პატარა ქალაქი და მონაკოს ტერიტორიასთან შედარება ცალსახად სპეკულაციურია. სხვანაირად, არასპეკულაციურად რომ დაგანახოთ თუ რა არის კრწანისის ფართობის წილი თბილისის ფართობთან მიმართებით – ეს არის 120-ჯერ ნაკლები ტერიტორია თბილისის ფართობთან შედარებით.
მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. რაც შეეხება მიწის გასხვისების შესაძლებლობას, პარტნიორ კომპანიას მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა არა აქვს. მიწა არის ერთობლივი კომპანიის თანასაკუთრება. მიწა შეიძლება გამოყენებული იყოს ერთადერთი დანიშნულებით – დეველოპერული პროექტის განსახორციელებლად, რაც დადებული ხელშეკრულებით არის გარანტირებული.
ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, რასაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტონომიური დანიშნულება აღარ ექნება და მიწა შესაბამის შენობა-ნაგებობებზე იქნება დამაგრებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს უსმენენ.
კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება – კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.
ინტერპელაცია Eagle Hills-ის პროექტით დაიწყო.




