დასავლელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მზად არიან უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაციისთვის, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ პრობლემა იურიდიულ დეტალებშია და ამასთან, აქტივების კონფისკაციის შემთხვევაშიც კი ეს კიევისთვის პანაცეა არ იქნება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს უკრაინაში ჯარები გაგზავნა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან და დასავლეთში დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები განიხილავენ რუსეთის გაყინული აქტივების შესაძლო კონფისკაციას, თუმცა ჯგუფის ზოგიერთ წევრი გამოთქვამს შეშფოთებას ცენტრალური ბანკის აქტივების მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმის პრეცედენტთან, მექანიზმსა და პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
„პირველი, რაც თქვენ იცით, არის უამრავი ადვოკატის ჩართვის აუცილებლობა. არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ გადაწყვეტილება მიიღება, ის კოლექტიური იქნება. მცდარი აღქმაა იმის ფიქრი, რომ ეს იქნება პანაცეის ეფექტი. არსებობს რეალური ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ შორს ვართ გადაწყვეტილებისგან“, – განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში, პენი პრიცკერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
Reuters-ი წერს, რომ რუსეთი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი დავოსში, დასავლეთს აფრთხილებს, რომ ამ აქტივების კონფისკაცია ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ასეთი ნაბიჯის საპასუხოდ ის ამერიკული, ევროპული და სხვა აქტივების კონფისკაციას მოახდენს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს არ აქვს კანონიერი უფლებამოსილება ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში განთავსებული გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მიიღო „დიდი შვიდეულის“ ლიდერების თხოვნა, შეესწავლათ კონფისკაცია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროში, აშშ დოლარსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში განთავსებულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებული რუსული აქტივების კონფისკაციამ შეიძლება შეარყიოს ცენტრალური ბანკების სურვილი, შეინახონ რეზერვები ერთმანეთთან.
Reuters-ი წერს, რომ აქტივების „ლომის წილი“ – ძირითადად ფასიანი ქაღალდები, რომლებშიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინვესტიცია ჩადო – გაყინულია Euroclear-ში, საერთაშორისო დეპოზიტარში, რომელიც ბრიუსელში მდებარეობს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ Reuters-ს განუცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გაყინული აქტივების კონფისკაციას, მაგრამ საჭიროა არსებობდეს მკაფიო მექანიზმი.
„ჩვენ არ ვამბობთ უარს აქტივების კონფისკაციაზე, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ მექანიზმზე. მაგალითად, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინისთვის სახსრების მოსაზიდად. მზად ვართ შემდგომი დისკუსიისთვის და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ გლობალური ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის გარეშე უკრაინაში ამ ტრანსფერების სამართლებრივი საფუძვლის მოძიებაში“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.