ოქტომბერში საბანკო სესხები 68.03 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 507.77 მილიონი ლარით, ანუ 0.75%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი – 37.64 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 19.09 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.29%-ითნაკლებია.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.260 პროცენტული პუნქტით.