„ქართული ოცნება“ აპირებს, ქართველ ემიგრანტებს არ გაუხსნას საარჩევნო უბნები უცხოეთში და ამით მათ წაართვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა.
გარდა საკანონმდებლო რეპრესიებისა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მედიებით ცდილობს ემიგრანტების ღირსებისშემლახავი კამპანია აწარმოოს. მათი ეთერიდან ისმის, რომ თურმე „ემიგრანტებს აღარაფერი აკავშირებთ სამშობლოსთან“, რომ „მათ საქართველო მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ აქ დაიკრძალონ“ და რომ მათგან „ამ ქვეყანას რაიმე სიკეთე არ აქვს“.
„ოცნების“ პროპაგანდისტები აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ მოლდოვაში პროდასავლურმა მაია სანდუმ არჩევნები ემიგრანტების ხმებით მოიგო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. სწორედ ამდენი მოქალაქისთვის აპირებენ ხმის წართმევას არჩევნებზე.
რას ფიქრობენ თავად ემიგრანტები „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივაზე და როგორი იქნება მათი პასუხი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.
მუსიკოსი ეკა კაჭარავა, იტალიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა იყო. „რაც უფრო მძიმდება საქართველოში მდგომარეობა, მით უფრო მეტად ვხვდები, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – გვეუბნება ეკა კაჭარავა.
„აქ იტალიელებისგან გუნდი შევქმენი და მათ ვასწავლი ქართულ სიმღერას. დირიჟორი ვარ. ვაკეთებთ ერთსაათიან კონცერტებს და ამაში შედის საგალობლებიც, ხალხური სიმღერებიც, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაც და ისე უყვართ, გიჟდებიან ქართულ სიმღერაზე.
რას ვითხოვ მე ჩემი ქვეყნისგან? – მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი დისშვილების, ნათესავების მომავალი, არ შებრუნდეს იმ ჯოჯოხეთში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი.
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მეძახიან, რომ მე ვარ „ნაცი“. არადა, საქართველო შევარდნაძის დროს დავტოვე, ჩაბნელებული და გაუბედურებული საქართველო.
სხვას რას ვითხოვ, გარდა იმისა, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ჩემს ქვეყანას.
აქაც, როცა ქართველები ჩამოდიან, გიდობას ვუწევ და ვაცნობ საოცარ რომს, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ეს ურთიერთობები ძალიან მავსებს და ხალხთან ურთიერთობით ვიკლავ სამშობლოს მონატრების შიმშილს“, – ამბობს ეკა კაჭარავა.
ის გვიყვება ემიგრაციის მძიმე წლებზე, თუ როგორ განიცდიდა 25 წლის ასაკში სამშობლოს იძულებით დატოვებას და უცხო ქვეყანაში წასვლას. „თვალზე ცრემლი მდიოდა, როცა სულ მარტოდ ვგრძნობდი თავს სამშობლოსგან შორს. რისთვის წამოვედი? იქ არ დამედგომებოდა, რადგან ცხოვრების პერსპექტივა არ იყო.
აქ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე და მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება. როგორც მუსიკოსი ვდირიჟორობ კათოლიკური ეკლესიის გუნდს და ძალიან დიდ პატივს მცემენ, რადგან აქ იციან პროფესიონალიზმის დაფასება. ქართული ეკლესიის გახსნა რომ მოინდომეს და სასულიერო პირი გამოუშვეს, მე დავხვდი აქ და ვთხოვდი ხან ერთ ეკლესიას, ხან მეორეს, რომ წირვისთვის ადგილი დაეთმოთ. მერე ნელ-ნელა საელჩოც ჩაერთო და მოგვცეს ეკლესია უსასყიდლოდ რომში.
იმ ეკლესიაში 10 წელი რეგენტი ვიყავი. მერე გავაკეთე ქართული სამრევლო სკოლა, ჩემი შვილისა და სხვისი შვილებისთვისაც, ხომ?! თუმცა, შემდეგ ისე ცუდად მომექცა ამ ეკლესიის მოძღვარი, რომ საერთოდ გამომაგდო ეკლესიიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდოდა დამოუკიდებლად მეკეთებინა რაიმე“, – ამბობს ეკა კაჭარავა.




