უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განავითაროს უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ისეული ჩარჩო შეთანხმება და სადავო საკითხები განიხილოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებში, რომლებშიც, მისი თქმით, ევროპელი მოკავშირეები უნდა ჩაერთონ.
აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ, შეამცირონ მათ შორის არსებული უთანხმოება ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი და დამანგრეველი კონფლიქტის დასრულებას, უკრაინა კი ფრთხილობს, რომ აიძულებენ დათანხმდეს ძირითადად, რუსეთის პირობებს, მათ შორის ტერიტორიულ დათმობებს.
მოკავშირეთა “მსურველთა კოალიციის” წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში, რომლის ასლსაც Reuters-ი გაეცნო, ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, შეიმუშაონ ჩარჩო უკრაინაში „უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ განლაგების შესახებ და განაგრძონ კიევის მხარდაჭერა, სანამ მოსკოვი არ გამოხატავს ომის დასრულების სურვილს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში მიღებული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული უნდა იყოს უკრაინა… რადგან როდესაც რამე (საკითხი) ქვეყნის ან მისი ხალხის ზურგს უკან წყდება, ყოველთვის არსებობს მაღალი საფრთხე იმისა, რომ ის უბრალოდ არ იმუშავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ მისი გამოსვლის ტექსტის მიხედვით.
„ეს ჩარჩო მაგიდაზეა და ჩვენ მზად ვართ ერთად წავიდეთ წინ – აშშ-სთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობით“, – დასძინა მან.
ტრამპმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად „მხოლოდ რამდენიმე საკითხი დარჩა შეუთანხმებელი“. მან თქვა, რომ მან თავის საგანგებო წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, დაავალა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, ხოლო არმიის მდივანს, დენ დრისკოლს – იმავდროულად, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა. ტრამპს შეხვედრების დროის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
კიევზე ღამით რუსეთმა თავდასხმა განხორციელდა რაკეტებითა და ასობით დრონით, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამაც კვლავ შეაფერხა ელექტროენერგიისა და
გათბობის სისტემები. კიეველები ზოგი ზამთრის ქურთუკებით ბომბსაცავებს აფარებდნენ თავს, ზოგი კი – კარვებში.
აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლებმა კვირას ჟენევაში მოლაპარაკებები გამართეს უახლეს სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.
ფორუმი




