„ინფლაციის პიკი უახლოეს თვეებში გაივლის“ – ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბეჟან წაქაძის და პაატა კვიჟინაძის კითხვებს გაზრდილი ინფლაციის მიზეზებსა და მისი მოთოკვის საჭიროებებზე.
საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2%-მდე დაჩქარდა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია [ინფლაციის მიზნობრივი დონე: 3%]. აღსანიშნავია, რომ წლიურად განსაკუთრებით გაძვირებულია სურსათი, რომლის წილი მთლიან ინფლაციაში 3.88%-ია. კერძოდ, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაზრდილია 11.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 8.9%-ით, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში კი ზრდა 5.6%-ია.
ნათია თურნავას თქმით, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ არსებული მაჩვენებლების, არამედ ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით იღებს.
„ჩვენ რეაგირებას ვაკეთებთ არა არსებულ დონეზე, არამედ იმაზე, თუ არის მოლოდინების ზრდა. დღეს ასეთი გაუარესება არ ფიქსირდება, მათ შორის იმის გამო, რომ წინასწარ გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესსა და მოსახლეობასთან“, – აღნიშნა მან და ის ძირითადი ფაქტორები ჩამოთვალა, რატომაც ინფლაცია 5.2%-მდე გაიზარდა.
„დღესდღეობით, როგორც მოგახსენეთ, ინფლაციური მოლოდინების საყურადღებო დინამიკას ანუ მათი გაუარესების თვალსაზრისით, ვერ ვხედავთ და ეს, მათ შორის, არის იმითაც განპირობებული, რომ ჩვენ წინასწარ გვქონდა ეს კომუნიკაცია ბიზნესთან, მოსახლეობასთან. ჩვენი ცენტრალური სცენარიც სწორედ იმას აჩვენებდა, რომ ეს ახლა მათემატიკის საკითხია, როცა წინა წლის დონე არის დაბალი, როდესაც შენ ადარებ, თუნდაც არაფერი შეიცვალოს წლევანდელს, გამოჩნდება უფრო მაღალი – „დაბალი ბაზის ეფექტს“ ვეძახით ამას.
ამდენად, წელს ნამდვილად იყო მოლოდინი, რომ თუკი, დავუშვათ, რაიმე განსაკუთრებული და მოულოდნელი არ მოხდებოდა ამ თვალსაზრისით – ნავთობის ფასების რადიკალური შემცირება ან რაიმე სხვა მსგავსი ფაქტორი – ჩვენი ინფლაციის დონე გადააჭარბებდა მიზნობრივ 3%-ს, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ უფრო დაბალი იყო და ეს ასეც მოხდებოდა ამ თვალსაზრისით. ამას დაემატა კიდევ საგარეო ბაზრებზე, მოგახსენეთ, გარკვეული სასაქონლო პროდუქციის ფასების ვოლატილობა (ცვლილება/გაზრდა), რაც აისახება ჩვენს კალათაზე; მაგრამ ამ თვალსაზრისით გვაიმედებს ისეთი ფაქტორები სამომავლოდ, რომ ეს ცვლილებები სურსათის ფასებში ყველა კატეგორიას არ შეეხებოდა და იყო უფრო ერთჯერადი ფაქტორები. მაგალითად, მოხდა საკვები ზეთის ფასის კორექტირება, რომელიც დიდი წონით გამოირჩევა და ეს აისახა [ინფლაციაზე], მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, შესაბამისად, მილევადი ეფექტი“, თუ რასაკვირველია კვლავაც არ გაგრძელდება გარე ბაზრებზე ეს ზეწოლა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ინფლაციის მთლიანი მაჩვენებლის დეკომპოზიციას – ჩაშლას მისი მნიშვნელოვანი ნაწილების მიხედვით. ყოველთვის ძალიან საყურადღებოა ეგრეთ წოდებული „საბაზო ინფლაცია“, ეს ზოგადი მიდგომა არის, საერთაშორისო მეთოდოლოგიაა და ის არის 2.4%. ეს არის ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი მერყეობით გამორჩეული პროდუქციის კატეგორიების გამორიცხვით (სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გამორიცხვით). აი, ამის გარდა, ინფლაცია არის 2.4% ანუ კვლავაც მიზნობრივზე დაბალი.
მნიშვნელოვანია იმპორტული საქონლის ინფლაცია, რომელიც პრაქტიკულად, ნულოვანი არის, მანამდე თვეების განმავლობაში უარყოფითი იყო. ეს არის, მათ შორის, პირდაპირ დაკავშირებული ლარის კურსთან და თქვენ ხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი, ასე ვთქვათ, მისი მერყეობა არის საკმაოდ ჯანსაღი და საკმაოდ მაღალ სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ თვალსაზრისით, ზეწოლა იმპორტირებული საქონლის ფასებზე არის ძალიან დაბალი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ კვლავაც ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მომხრე ვართ, ჩვენ ეს გამოვაქვეყნეთ – ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, [ინფლაციის] პიკი ჩაივლის უახლოეს თვეებში, ინფლაცია წამოვა ქვევით და მიუახლოვდება თავის მიზნობრივ დონეს, ხოლო წლევანდელი საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 4% იქნება.
საუბარი იყო მედიკამენტებზეც… მე კონკრეტულად, ასე ვთქვათ, ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად რეგულირებადი ფასებია და აქ შესაბამისად, ალბათ, უფრო შესაბამისი უწყება გაგცემდათ პასუხს, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი, რომ დიდი წილი მედიკამენტებში არის იმპორტული და ლარის კურსის თვალსაზრისით ამ ფასებზე ზეწოლა არ არის მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, პროგნოზი აქაც კეთილსაიმედოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„როგორ ფიქრობთ, დაგვჭირდება რეფინანსირების განაკვეთის აწევა?! – იკითხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, რაზედაც სებ-ის პრეზიდენტმა მიუგო, რომ ახლა ამის საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ დასძინა, რომ გამკაცრებისთვისაც მზად არიან, რადგან სებ-ის მთავარი ფუნქცია ახსოვთ.
“გამოვიყენებთ თუ არა რეფინანსირების განაკვეთის აწევას იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაცია არ მოიქცა ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით და გაიზარდა? – ჩვენ ვალდებულები ვიქნებით ამ შემთხვევაში, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ. პროგნოზი არის, რომ პირიქით, ესე იგი, ინფლაცია ნორმალიზებას განიცდის, მიუახლოვდება თავის მიზნობრივ დონეს (პიკი ახლა არის და მერე თანდათან წამოვა ქვევით) და შესაბამისად, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის აწევა და პირიქით, არის მიჯნა – 7%, ეს არის ჩვენი ნეიტრალური დონე, რომელსაც შევძლებთ მაშინ, რომ მივუახლოვდეთ.
ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაცია არის მთავარი საზრუნავი და ფასების დონე, მაგრამ ნუ, ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი ცენტრალური სცენარის მიხედვით არის სწორედ ეს, რომ წლევანდელი წელი 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს დაიწყებს მიახლოებას 3%-თან. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს, თუმცა მზად ვართ, რასაკვირველია, მკაცრი ზომებიც გავატაროთ, როგორც covid-ის დროს მოხდა – რაც უფრო სწრაფად ტარდება მკაცრი ზომები, მით უფრო სწრაფად ნორმალიზდება ინფლაცია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
bm.ge




