შექმნეს ცხვირის წვეთები, რომელიც თავის ტვინის ყველაზე აგრესიულ კიბოს ებრძვის

მკვლევრებმა შექმნეს ცხვირის წვეთები, რომლებიც ცხვირში არსებულ ნერვებს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიუყვება, რათა ებრძოლოს თავის ტვინის ყველაზე მომაკვდინებელ კიბოს.
პირველადი ცდის შედეგები აჩვენებს, რომ პრეპარატმა უსაფრთხოდ მიაღწია სამიზნეს და თაგვები სასიკვდილო სიმსივნეებისგან დაიცვა.
„ეს მიდგომა აჩენს გლიობლასტომის უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების იმედს და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს კლინიკური გამოყენებისკენ. ის ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება კიბოს იმუნოთერაპიის მიღწევა სხვაგვარად ძნელად მისადგომი სიმსივნეების შემთხვევაში“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ალექსანდერ სტეგი.
გლიობლასტომა სიმსივნეები ძალიან აგრესიულია, ძნელია მათი ადრეული დაფიქსირება და თიშავს ჩვენი სხეულის ტიპურ იმუნურ რეაგირებას, რის გამოც რთულია კიბოს ტრადიციული თერაპიებით მათი მიზანში ამოღება.
ეს სიმსივნეები მიწვდომადაც ძალიან რთულია, რადგან წარმოიქმნება თავის ტვინში ან ცენტრალური ნერვული სისტემის გასწვრივ, ნებისმიერ ადგილას.
ეს კიბო აზიანებს თავის ტვინის ფუნქციას, რადგან იწვევს მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების შეშუპებას, შეკუმშვას და სისხლის მიწოდების შეზღუდვას.
წარსულში, მკვლევრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც თაგვების იმუნურ სისტემას ატყობინებს ფარული კიბოს არსებობის შესახებ; ამისათვის მიმართეს კიბოს უჯრედებში ინტერფერონის გენების სტიმულირებას (STING). როგორც წესი, ინტერფერონის გენები სხეულს ვირუსული ინფექციების შესახებ ატყობინებს.
სამწუხაროდ, პრეპარატები, რომლებმაც ამას მიაღწიეს, სხეულში სწრაფად იშლება და საჭიროებს მრავალჯერად ინვაზიურ შეყვანას, რათა მიაღწიოს პირდაპირ კიბოს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა აკანკშა მაჰაჯანმა და მისმა კოლეგებმა ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შეიმუშავეს უფრო მარტივი გზა პრეპარატების საჭირო ადგილამდე მისაღწევად.
„ნამდვილად გვსურდა, რომ ეს პროცესი მინიმუმამდე შეგვემსუბუქებინა პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე ისედაც ავად არიან; ვიფიქრე, რომ ამ პრეპარატების არაინვაზიური გზით მიწოდებისთვის შეგვეძლო სფერული ნუკლეინის მჟავის პლატფორმების გამოყენება“, — განმარტავს მაჰაჯანი.