ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ დირექტორის, ტატო ქელბაქიანის განაცხადებით, საპროტესტო მოძრაობა მუდმივად უნდა განვითარდეს და არ უნდა გავიდეს მშვიდობიანი ჩარჩოებიდან.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, შესაძლებელია პროტესტი გაგრძელდეს არსებული ფორმით, თუმცა არსებობს ახალი, უფრო მობილური და „ჭკვიანური“ მიდგომების პოტენციალიც.
„პროტესტს სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. ის ფორმას მუდმივად იცვლის და უნდა შეიცვალოს. ერთი და იმავეს კეთება არ უნდა იყოს პანაცეა. დავაკვირდებით დინამიკას. შეიძლება ამ ფორმით გაგრძელდეს პროტესტის გამოხატვა ან ფორმები შეიცვალოს. კიდევ არსებობს შესაძლებლობები იმისა, რომ პროტესტი სხვა ფორმით გამოიხატოს. ისეთი ფორმით, რომ შეიძლება ვიღაცას არც კი წარმოუდგენია: უფრო მობილური, უფრო ჭკვიანური. რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა გავიდეს კანონის ჩარჩოებიდან.
ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მათ სცენარზე არ უნდა გადავიდეთ, ამიტომ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს, მშვიდობიანი ჩარჩოდან არ უნდა გახვიდე. მთავარია პროტესტი გაგრძელდეს და საზოგადოებამდე მივიტანოთ ხმა. ერთ კარებს დაგიხურავენ – მეორე გააღე, მეორეს დაგიხურავენ – მესამე, ასე უნდა აკეთო, სანამ არის დიაპაზონი“,- განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მარშები ყოველდღიურად, ქელბაქიანი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
თუმცა, მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობის ნაწილი აქტიურობას ყოველდღიურად გააგრძელებს.
ქელბაქიანი ასევე აღნიშნავს, რომ მონაწილეებისთვის ენერგიის სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანია, რადგან პროცესები განსაკუთრებით დატვირთულია:
„წინასწარ ვერ გეტყვით. მარტო მე არ ვწყვეტ, ამ პროცესში უამრავი ადამიანია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროტესტის მონაწილეები, გამოჩნდება. არანაკლები თარიღი ახლოვდება, რისთვისაც ვემზადებით. არ არის გამორიცხული, რომ 1 დღე დავისვენოთ, იმისათვის, რომ 28 ნოემბერს ბევრი ადამიანი გამოვიდეს. ძალიან დიდი დემონსტრაცია უნდა გაკეთდეს. ამის მერე პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამაზე ბევრი ადამიანი ფიქრობს.
შეიძლება ფიქრი ყოველკვირეულ დემონსტრაციებზე. ეს სწორიც არის, რადგან კვირაში ერთხელ ადამიანმა შეიძლება უფრო მოიცალოს, მაგრამ რაღაც ნაწილი არ გაჩერდება და მაინც დადგება პარლამენტთან. იციან, რომ ახალ წლამდე პარლამენტიდან ხალხი არ წავა, ამიტომ გადაიტანეს ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე. პერიოდულად დიდი დემონსტრაციების გაკეთებაზე ფიქრი შეიძლება – კვირაში ერთხელ გააკეთო მსვლელობები. მეც ხანდახან გადაღლას ვგრძნობ. ჯერ ვმუშაობ 9:00 საათამდე, ამის მერე 2 საათი უნდა ვიარო. თან შაბათ-კვირაც არ გვაქვს აქ. ამიტომ ენერგიის გადანაწილებაც საჭირო, რადგან პროტესტი გაგრძელდეს“,- განაცხადა ქელბაქიანმა.




