პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ თანაგუნდელს, პოლიტიკოს ნიკა მელიას არ გულისხმობდა, როდესაც აკრიტიკებდა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, „ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს“.
სააკაშვილი კვლავ აკრიტიკებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და მის ძმას, ბიზნესმენ ირაკლი გილაურს, მათ „გილაურების კლანს“ უწოდებს და ამბობს: „გამარჯვების შემდეგ უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არდაშვების შესახებ“.
მასთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები – მელია სააკაშვილზე
2025 წლის 24 ნოემბერს პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, – რომელიც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარეა, ამჟამად „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, – სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
„ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [მიხეილ სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“.
„ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ“, – განაცხადა მან.
მანამდე სამი კვირით ადრე, 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა დროს წასულ პოლიტიკოსებზე ისაუბრა, მათ შორის ზოგიერთი მათგანი „ფინანსურ ინტერესებში“ დაადანაშაულა.
რას წერდა სააკაშვილი
ვრცელი პოსტის მოკლე შინაარსი ასეთია: სააკაშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა ენმ-ის დაშლასა და დასუსტებას, რისთვისაც მიმართავდა როგორც სამართლებრივ დევნასა და ძალადობას, ასევე ყოფილი თანაგუნდელების მოსყიდვას. სააკაშვილმა რამდენიმე თანაგუნდელი გამოყო:
· ყოფილი დეპუტატი პავლე (პალიკო) კუბლაშვილი, „გირჩის“ თანადამფუძნებელი. სააკაშვილის სიტყვებით, ივანიშვილი მას „2014-დან იყენებდა“ და კუბლაშვილი „ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და თავის მხრივ ჰპირდებოდა დაფინანსებას“;
· ამჯერად არ დაუსახელებია გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო“, თუმცა ახსენა „2016 წლის არჩევნების შემდგომ გამოყოფა“ [„ევროპული საქართველო“ 2017 წლის იანვარში ოფიციალურად გამოეყო ენმ-ს] და დაწერა: „გამოყოფილებს უსვამდნენ პირობას – მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით, „არც მიშა, არც ბიძინა“;
· სააკაშვილის თქმითვე, „2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე [„ევროპული საქართველოს“ მაშინდელი ლიდერი]… ენმ-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა“.
დაბოლოს, სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავისი მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს აკრიტიკებდა:
„შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-სგან განსხვავებით მულტიმილიონერია“, – წერდა სააკაშვილი. მისი თქმით, ამ სიმდიდრის „უმთავრესი წყარო არის „მისი ძმის „საქართველოს ბანკი“ [ირაკლი გილაური „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორია].
სააკაშვილის მოსაზრებით, ამ ბანკის ინტერესები „ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან“ და ბანკი „რუსეთთან“ საერთო ინტერესებში, გილაური კი ივანიშვილის სასარგებლოდ დასავლეთში ლობირებაში დაადანაშაულა.
„ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში“, – წერდა სააკაშვილი.
რას წერს ახლა?
სააკაშვილი დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში წერს, რომ აღნიშნულ პოსტში ნიკა მელია „არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები“, – „იქ არაფერი მსგავსი, რაზეც ნიკა საუბრობს, არ ეწერა“.
„იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით“, – წერს სააკაშვილი.
„ისე ჩემო ნიკა, ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა“, – მიმართავს იგი მელიას.
სააკაშვილი კვლავ აკრიტიკებს ნიკა და ირაკლი გილაურებს და ამბობს:
„ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის, ან ივანიშვილთან ნებისმიერი სხვა სახით დაკავშირებული „ბიზნესმენების“ პოლიტიკასთან არმიშვებას. მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არდაშვების შესახებ“.
„წითელი ხაზი ამ დროს, როცა საერთო მტერია დასამარცხებელი, არაფერ შუაშია. ზოგადად, ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა. ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს“, – წერს იგი.
როგორც პარტიაში, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, დაადასტურეს, 2024 წლის არჩევნების პერიოდში პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა ნიკა გილაური.
„ჩვენ გვეხმარებოდა ნიკა გილაური და არა ირაკლი, ფინანსურადაც, სხვა მნიშვნელოვან დონორებთან ერთად“, – თქვა „კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძე 25 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში. პარტიების შემოწირულებების სიაში, – რომელიც TI-ს აქვს გამოქვეყნებული, – გილაურის გვარი არ იძებნება.
„ახლა მასთან [გილაურთან] არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არჩევნების შემდეგ არ გვქონია. ის დახმარების ნაწილი, რაც შეიძლება მან გაგვიწია, მოხმარდა ივანიშვილის დასუსტებას და ოთხივე პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ეს ნიშნავს იმას, ვინ არის მთავარი მოწინააღმდეგე „ოცნების“, – თქვა მან.
გილაურს ამ საკითხზე – მათ შორის, სააკაშვილის განცხადებებზე – კომენტარი არ გაუკეთებია.
2024 წლის 25 დეკემბერს სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გილაურზე ამბობდა:
„ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი. ისე ამბობს, გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს ნიკა, მინდა, მისი მეგობრების ინიციატივებს მთლიანად მივესალმო“.




