„ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?! ეს ფული ჩაერიცხა კონკრეტულ ადამიანებს“ — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვისას, რომელიც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემას უკრძალავს.
მათიკაშვილმა უპასუხა „გახარია — საქართველოსთვის“ წევრ ვიკა ფილფანს, რომელმაც თქვა, რომ „ემიგრანტების მიერ 2024 წელს გადმორიცხული თანხები 10 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის 40%-ია“.
„2024 წელს გადმორიცხული 11 მილიარდ დოლარზე იყო, თუ არ ვცდები, საუბარი. არა, 11 მილიარდი არ გადმორიცხულა — გადმოირიცხა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი ჩვენი ემიგრაციისგან. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ბუნებრივია, ყველა, ყველა ოჯახი მადლობელია და სწორედ უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში. მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?! ეს ფული ჩაერიცხა კონკრეტულ ადამიანებს, იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან უცხოეთში. გასაგებია ჩვენთვის, რამხელა შრომასთან, რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული ის, რომ იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში გზავნიან. თუმცა, თანხა მაინც უნდა იყოს ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება. “ — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, დავით მათიკაშვილის მტკიცება, რომ ემიგრანტებისგან ფული ოჯახის წევრებს ერიცხებათ და არა — ბიუჯეტს, მანიპულაციაა. კერძოდ, მართალია, რომ ფულადი გზავნილები სახელმწიფო ბიუჯეტში არ ირიცხება და არც იბეგრება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრებისგან მიღებული ფულადი გზავნილებით ყიდულობენ უძრავ-მოძრავ ქონებას, შვილებს უხდიან სწავლის გადასახადებს, ფარავენ ოჯახის წევრების მკურნალობის ხარჯებს და ა.შ. ამდენად, ემიგრანტების მიერ ოჯახისთვის გამოგზავნილი თანხები ბრუნავს ქვეყნის ეკონომიკაში და შესაბამისად, არაპირდაპირი გზით ხვდება ბიუჯეტში; გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამაყობს; ამსუბუქებს სახელმწიფოს სოციალურ ტვირთს; პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაზრდის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მშპ-ში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა.




