„არ არსებობს ორგანო, რომელიც დაატრენინგებს ადამიანს, ვინც ბაღში ბავშვებთან უნდა იმუშაოს“ – კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია „მნათი“
კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია „მნათის“ დამფუძნებელი გიგი სივსივაძე ნეგატიურად აფასებს განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადა 4-იდან 6 წლამდე იზრდება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიგი სივსივაძე განმარტავს, რომ შესაბამისი კანონი 2021 წელს არის მიღებული, ფაქტობრივად, ფუნქციაში მოყვანილი არ არის და არ ხდება კერძო ბაღების შესწავლა და არსებული მდგომარეობის დადგენა, განსხვავებით საჯარო ბაღებისგან. აქედან გამომდინარე, ასოციაციამ განათლების სამინისტროს შესთავაზა, გამოყოფილიყო დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გარკვეულწილად, კონტროლსა და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს მიმართავდა, ვინაიდან სკოლამდელი აღმზრდელობითი დაწესებულება ყოველთვის ამოვარდნილია როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ერთიანი რგოლიდან.
„რეალურად არის უამრავი პრობლემა. არ არსებობს ორგანო, რომელიც დაატრენინგებს ადამიანებს, რომლებმაც ბავშვებთან უნდა იმუშაონ. ამ კუთხით არ არსებობს სახელმწიფოში სერვისები, რომელიც კერძო ბაღებს კადრებს მიაწვდის. ამ პროფესიით დასაქმება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რადგან არ სჭირდება სპეციალური ცოდნა და განათლება, არადა, სწორედ ის სფეროა, სადაც აუცილებელია ეს ყველაფერი. კერძოდ, გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისების მიწოდება.
გარდა ამისა, ხშირად ქირაობენ ისეთ შენობა-ნაგებობებს, სადაც არ არის შემოწმებული მისი შესაბამისობა, ოთახების დაშორების მანძილი, დერეფნები, სამზარეულოს მოწყობის პრინციპი და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა არასწორია, სისტემატიზაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ დღემდე არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ არის გადადგმული. ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ განათლების სამინისტრომ მოაწესრიგოს, ვატყობ, რომ უწყებას ამის მზაობა არ აქვს“, – აცხადებს გიგი სივსივაძე.




