PHR: სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” (PHR) მოთხოვნის საფუძველზე, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
“2023 წლის 12 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვა ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მწვრთნელებს დროებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა.” – წერს PHR.
კომიტეტი დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხედველობაში მიიღო მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი.
“ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი”, – აღნიშნულია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღების დროს შეაფასა დისკრიმინაციის შესაძლო რისკის პრევენციის საჭიროება და მწვრთნელების ინტერესი, განახორციელონ საფეხბურთო საქმიანობა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, უპირატესობა დისკრიმინაციისგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებას მიანიჭა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მწვრთნელებს დროებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა.
PHR-ის თქმით ეს მნიშვნელოვანია, რადგან კომიტეტმა პირველად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სექსუალური შევიწროების გამო. გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქალი ათლეტების, მათ შორის არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროებისგან დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.