ჩვენ, ქართველები, არ ვართ იდიოტები, დაგვანებეთ თავი, საქართველო არ არის საცდელი პოლიგონი თქვენი ლიბერალური ექსპერიმენტებისთვის – ირაკლი ყიფიანი მარკ რუტეს

ჩვენ, ქართველები, არ ვართ იდიოტები, დაგვანებეთ თავი, საქართველო არ არის საცდელი პოლიგონი თქვენი ლიბერალური ექსპერიმენტებისთვის – ირაკლი ყიფიანი მარკ რუტეს
“ეს არის კლასიკური ნიმუში იმ ნეოკოლონიალური, მენტორული დამოკიდებულებისა, რომლითაც დასავლური ბიუროკრატია წლებია ცდილობს სუვერენულ სახელმწიფოებთან საუბარს.“- ასე ეხმიანება ირაკლი ყიფიანი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც თქვა: “მე არ ვარ გულუბრყვილო იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება, ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს ეს მკაფიოდ ვუთხარით”
“ბატონო გენერალურო მდივანო, ნება მომეცით, თქვენივე ტერმინოლოგიით გიპასუხოთ: არც ჩვენ, ქართველები ვართ გულუბრყვილოები. და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერება გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუროკრატიული პროტოკოლები, ჩვენ კარგად გვესმის, რა იმალება თქვენი “წუხილის“ მიღმა.
როდესაც თქვენ საუბრობთ “ღირებულებებზე“ და “დემოკრატიულ უკუსვლაზე“, ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ავტომატურად აცოცხლებს იმ სურათებს, რომელთა წაშლაც დასავლურ პროპაგანდას სურს, მაგრამ ისტორიას ახსოვს. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, რადგან გვახსოვს 1999 წელი და ბელგრადი, ევროპის გულში, სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელიც “ჰუმანიტარული ინტერვენციის“ ცინიკური ეგიდით დაიბომბა. ჩვენ გვახსოვს ლიბია, ერაყი, ავღანეთი, სახელმწიფოები, სადაც “დემოკრატიის ექსპორტმა“ ქვა ქვაზე არ დატოვა და აყვავებული ქალაქები ტერორიზმის ბუდეებად აქცია.
არის თუ არა ნატო მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი, თუ ეს არის გლობალური ჰეგემონიის შენარჩუნების სადამსჯელო ინსტრუმენტი? როდესაც თქვენ გვმოძღვრავთ, ჩვენ ვხედავთ არა “მეგობარს“, არამედ ძალას, რომელმაც ორმაგი სტანდარტები პოლიტიკურ ხელოვნებად აქცია. თქვენი “წუხილი“ საქართველოზე არა დემოკრატიის ხარისხს, არამედ თქვენი გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტებას ეხება. ეს არის იმპერიის შიშები და არა პარტნიორის ზრუნვა.
თქვენ ამბობთ: “ჩვენ მათ ვუთხარით…“ დააკვირდით ტონს. ეს არ არის პარტნიორის ენა; ეს არის ბატონის ენა ყმის მიმართ. მაგრამ თქვენ დაგავიწყდათ მთავარი! საქართველო არ არის პროექტი, საქართველო არის სახელმწიფო.
ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, რადგან საკუთარი თვალით ვიხილეთ და საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ის სცენარები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იწერებოდა. ჩვენ მოვიგერიეთ თქვენ მიერ დაფინანსებული, წახალისებული და ორკესტრირებული არაერთი მცდელობა, მოგეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება “ფერადი რევოლუციების“ თუ “ენჯეო-აქტივიზმის“ ფასადით. ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გამოიჩინეს უმაღლესი პოლიტიკური სიმწიფე, როდესაც უარი თქვეს მარიონეტულ რეჟიმად ყოფნაზე და აირჩიეს რთული, მაგრამ ღირსეული გზა — სუვერენიტეტი.
თქვენი გაღიზიანება გასაგებია. ძნელია, როდესაც პატარა ერი, რომელსაც “გასაოცარ დემოკრატიად“ მხოლოდ მაშინ მოიხსენიებდით, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა დირექტივებს, უეცრად ხმას იღებს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს თქვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა აყენებს.
გენერალური მდივნის ლოგიკა კულმინაციას აღწევს, როდესაც ის საქართველოს ადარებს სომხეთსა და აზერბაიჯანს და ამბობს, რომ იქ “ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“. დაფიქრდით ამ ცინიზმის მასშტაბზე! თქვენთვის “უკეთესი მდგომარეობაა“ იქ, სადაც სულ ახლახან დასრულდა სისხლიანი ომი, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და სადაც რეგიონული არასტაბილურობა ჯერ კიდევ დენთის კასრზე ზის? და “პრობლემაა“ საქართველოში, რომელიც ერთადერთი კუნძულია მშვიდობისა და სტაბილურობის ამ ცეცხლოვანი რკალის შუაგულში?
ეს შედარება ნათლად აჩვენებს თქვენს პრიორიტეტებს: თქვენ არ გაინტერესებთ მშვიდობა, თქვენ გაინტერესებთ მორჩილება. საქართველო, სადაც ყველაფერი ფანტასტიურად მიდის — გარდა იმ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა, რომლებსაც ჩვენ, ქართველები, ჩვენივე შრომით აუცილებლად დავძლევთ, თქვენთვის მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ აღარ ვართ ინსტრუმენტი თქვენს ხელში.
ჩვენ, ქართველები, არ ვართ იდიოტები. ჩვენ გვაქვს ინტელექტი, გვაქვს ისტორია და გვაქვს ღირსება. ჩვენ არ გვჭირდება გარედან დანიშნული არბიტრები, რომლებიც გადაწყვეტენ, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენი გზავნილი მარტივია და მკაფიო, ბატონო რუტე: დაგვანებეთ თავი! შეწყვიტეთ ჩვენს შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. შეწყვიტეთ ჩვენი პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობა. საქართველო არ არის საცდელი პოლიგონი თქვენი ლიბერალური ექსპერიმენტებისთვის.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს უფლებას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს ბრიუსელის კაბინეტებში იწერება. ეს არის რეალპოლიტიკა ქართულად და დროა, ამას შეეგუოთ.”- წერს ირაკლი ყიფიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები – თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები