ოთხშაბათს საღამოს, ჩინეთის 18 თვითმფრინავი ტაივანის გარშემო “ერთობლივ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას” ახორციელებდა. ამის შესახებ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, ეს პირველი ფართომასშტაბიანი პოსტსაარჩევნო სამხედრო აქტივობაა. სამინისტროს თქმით, ტაივანმა საკუთარი ძალები გაგზავნა მონიტორინგისთვის.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავები, ადგილობრივი დროით 19:50 საათზე, ტაივანის ჩრდილოეთით, ცენტრალურ ტაივანსა და სამხრეთ-დასავლეთით პატრულირებდნენ. ამ თვითმფრინავებიდან თერთმეტმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა.
“ტაივანის სრუტის რეგიონის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია გლობალურ განვითარებასთან და სტაბილურობასთან და არის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც რეგიონში ყველა მხარემ უნდა გაიზიაროს. ჯარი გააგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მტრის საფრთხეებისა და თავდაცვის საჭიროებების შესაბამისად და უპასუხებს რეგიონულ საფრთხეებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა უილიამ ლაიმ, რომელიც მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება, ჩინეთს არაერთხელ შესთავაზა მოლაპარაკებები, მაგრამ უარი მიიღო. მისი თქმით, ის შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას სრუტეზე, მაგრამ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს მისი მომავალი.
სრუტის შუა ხაზი ოდესღაც არაოფიციალურ ბარიერს წარმოადგენდა ორ მხარეს შორის. ახლა ჩინური თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ მასზე. ჩინეთი ამბობს, რომ არ აღიარებს ხაზის არსებობას.
