თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 000 მაყურებელზე გათვლილი, ახალი სტადიონის მშენებლობის მშენებლობის 876 მილიონ ლარიანი ტენდერი შეწყდა.
ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.
სტადიონის მშენებლობაზე წინადადებები წარადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
· ანაგმა (საქართველო) — 850 მილიონი ლარი;
· მაქრო ქონსთრაქშენმა და შპს ინშაათჩმა 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) — 789.4 მილიონი ლარი;
· YDA İNŞAAT-მა (თურქეთი) – 744.9 მილიონი ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მაქრო ქონსთრაქშენმა“ და „ინშაათჩმა“ და YDA İNŞAAT-მა დისკვალიფიკაცია მიიღეს, რადგან ვერ დააკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები. ერთადერთ მონაწილედ „ანაგი“ რჩებოდა, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, იმის გამო, რომ მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
„სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება“, — ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
ახალი სტადიონის მშენებლობა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დააანონსა. კობახიძის თქმით, მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე მისი დასრულება „აბსოლუტურად რეალურია“.




