კიდევ ერთი ახალი მოსამართლე და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეები — ერთი დღის ქრონიკა

18 ოქტომბრიდან, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ახალი რეგულაციების აამოქმედა პროტესტის ჩასახშობად, არცერთი დღე ჩაივლის თბილისის საქალაქო სასამართლოში გასული ორი დღის აქციებზე დაკავებული ადამიანებიდან საშუალოდ 10 მათგანის გასამართლების გარეშე.
საქმეთა განხილვაში უკვე ორი ახალი მოსამართლე ჩაერთო. ერთ მათგანზე, დავით მაკარაძეზე, რომელიც გორიდან მივლინების საფუძველზე ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, გასულ დღეებში გიყვებოდით.
24 ნოემბერს, როდესაც სასამართლოში განსახილველად 22 ნოემბერს, შაბათს დაკავებული 10 დემონსტრანტის საქმე შევიდა, მათ განხილვაში კიდევ ერთი ახალი მოსამართლე ჩაერთო — 2024 წელს უვადოდ გამწესებული თორნიკე კაპანაძე, რომელიც თბილისში ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან ნოემბერში გადმოვიდა.
თორნიკე კაპანაძემ განიხილა ზედიზედ 3 ახალგაზრდა დემონსტრანტის საქმე, მარიამ მეყანწიშვილის, ოთო ირემაძისა და ლუკა ჭოხონელიძის.
24 ნოემბერს გასამართლებულ დემონსტრანტებს ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობას (-ს თქმით, გამოხატულს უმისამართო ლანძღვა-გინებაში), პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობასა და მათ შეურაცხყოფას. ლუკა ჭოხონელიძეს თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ოთო ირემაძეს 3000-ლარიანი ჯარიმა ერგო.
„გულწრფელად მიმაჩნია, რომ სასამართლო პოლიტიკური განცხადებების კეთების ადგილი არ არის, მაგრამ ცალსახად გამოჩნდა დღეს, რომ არცერთ მუხლში დანაშაული არ მიმიძღვის. ფიზიკურად არ დამირღვევია არცერთი მუხლი. კი, ხშირად ვსკანდირებ ხოლმე აქციებზე რაღაცებს, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. ახალი მისული ვიყავი, მისვლიდან 20 წამში დამაკავეს. იმიტომ, რომ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოვჩნდი, როცა ადამიანებს აკავებდნენ. დამკავებლებსაც ვეკითხებოდი და სანამ ტელეფონზე არ დაურეკეს და არ უთხრეს, მანამდე პასუხი ვერ გამცეს, რისთვის მაკავებდნენ“, — თქვა ოთო ირემაძემ სასამართლოში.
მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მოყვანილმა მოწმე პოლიციელმა, უჩვეულოდ ენაწყლიანმა და თავდაჯერებულმა რატი ღოღაძემ განაცხადა, რომ ოთო ირემაძის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა გამოიხატა სკანდირებაში „უსამართლო სასამართლო, ივანიშვილის სასამართლო“. პოლიციის შეურაცხყოფა გამოიხატა შეძახილებში „ს მილიცია, ს მონებო“. ასევე, მისი თქმით, ოთო ირემაძე ხელს უშლიდა სხვა დემონსტრანტის, კერძოდ მარიამ მეყანწიშვილის დაკავებას და იძახდა უწმაწურ სიტყვებს, რაზეც პოლიციელმა განაცხადა, ვერ გავიმეორებო.
„დიდად არ გვსიამოვნებს, მაგრამ დავყვებით. მირბოდნენ, ვარბენინოთ პოლიცია, იქნებ თავი დაგვანებონო. დღეში 15 კილომეტრს გავდივარ, ხან სირბილით და ხან როგორ. ესენი ჩვენ ვერ დაგვღლიან. იწვევენ იქ მცხოვრებების გაღიზიანებას, აწუხებენ მოსახლეობას. დავყვებით, რომ ვინმე არ გამოვიდეს და შეურაცხყოფა არ მიაყენოს, მათ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, რომ ჩარჩოში მოაქციონ თავისი პროტესტი. 10 წელზე მეტია ვმუშაობ პოლიციაში და არ მიმუშავია ისე, რომ რუსეთის მილიცია მეძახონ, ღამეებს ვათენებ მოქალაქეების გამო“, — განაცხადა პოლიციელმა რატი ღოღაძემ.
ოდნავ განსხვავებული იყო მარიამ მეყანწიშვილის საქმე, რომელსაც 22 ნოემბერს ამ ქმედებებთან ერთად [დაუმორჩილებლობა პოლიციის მოწოდებისადმი, „ოლე-ოლას“ სიმღერა], ედავებიან 2 სექტემბერს „ოცნების“ პროპაგანდისტული „პოსტივის“ წარმომადგენლის, ნათია კვარაცხელიასადმი „შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“. თითქოს, მას მარიამ მეყანწიშვილი არ აძლევდა აქციის გაშუქების შესაძლებლობას, ეძახდა „მონას“.
მეყანწიშვილმა და მისმა ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე გაიგეს, რომ „პოსტივის“ ე.წ. ჟურნალისტის გამოც ედავება მეყანწიშვილს. გამომძიებელმა, ოთარ სანდომისაშვილმა, რომელმაც ნათია კვარაცხელიას გამოკითხვის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ მეყანწიშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში აღნიშნა, რომ თითქოს მას ამ დროის მანძილზე ვერ დაუკავშირდა. თუმცა როდესაც მეყანწიშვილი მას შეეპასუხა, რომ აქციებზეც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, ეს არ უარუყვია.
„ჩემი მხრიდან თუ რამე გამომიხატავს, არის სინანული, რას ემსახურებიან ეს ადამიანები [„ოცნების“ პროპაგანდისტულ არხებზე დასაქმებული პირები]. 22 ნოემბრის საქმეს რაც შეეხება, ტროტუარ-ტროტუარ ვიარეთ დემონსტრანტებმა. პირადად მე მოვუწოდებდი, რომ გზაზე არ გადავსულიყავით. ინგოროყვას ბოლოში დაგვხვდა პოლიციის კორდონი. მე ვკითხე, რა სამართლებრივი საფუძვლით არ გვაძლევთ გავლის საშუალებას-მეთქი. რამე რომ არ მომხდარიყო, გადავწყვიტეთ, უკან დავბრუნებულიყავით. მოვტრიალდით. ამ დროს მკიდებენ ხელს, ყოველგვარი მოწოდებისა და გაფრთხილების გარეშე. „ცეცხლი ოლიგარქიას“ არის შეურაცხყოფა? ეს არის მოწოდება და გამოხატავს პროტესტს. მივხვდი, რომ ხელზე რაღაცა მქაჩავს, მივტრიალდი და ვხედავ აკავებენ ჩემს მეგობარს, დავით გუნაშვილს, რომელსაც რუპორი ეჭირა და მეც გამაყოლეს ხელს. ახლა გავიგე აქ, რას მედავებიან“, — თქვა სასამართლოში მარიამ მეყანწიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარიამ მეყანწიშვილს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზეც ედავებიან და ის გირაოთია გათავისუფლებული. მას არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
მოსამართლემ პროპაგანდისტულ „პოსტივიში“ დასაქმებული ნათია კვარაცხელიას მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის დაწყებამდე ნათია კვარაცხელია სასამართლოს დერეფანში იყო, უკვე სხდომის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ადგილზე აღარ იმყოფებოდა და მოსამართლემ საქმის განხილვა გადადო. მომდევნო სხდომაზე, 26 ნოემბერს 10 საათზე, სწორედ „პოსტიველი“ ნათია კვარაცხელია დაიკითხება. მანამდე კი, მარიამ მეყანწიშვილი თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მარიამ მეყანწიშვილი საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა დააკავა დავით გუნაშვილთან ერთად, რომელსაც მისი დაკავების ამსახველ კადრებში ჩანს, რუპორით ხელში მომავალს, როგორ ეპარება უკნიდან საპატრულო პოლიციის უფროსი გოგა მემანიშვილი დასაკავებლად. დავით გუნაშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა.
იმავე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, რომლის ანგარიშზეც აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ათობით საქმეა, 5000 ლარით დააჯარიმა ცოტნე მირცხულავა.
მოსამართლე ნინო ენუქიძეს დაეწერა გიორგი სავანელის საქმე, რომელიც 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა და ფეხზე არადგომის გამო, როცა მოსამართლე შემოვიდა სხდომათა დარბაზში, 100 ლარითაც დააჯარიმა.
3000 ლარით დააჯარიმა სოფო მარკოზია გორიდან მოვლენილმა მოსამართლე დავით მაკარაძემ.
იმავე მაკარაძემ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა გიორგი ბალხამიშვილი.
3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ტვ პირველის ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს, მასაც წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის საბაბით. დაკავებამდე წამებით ადრე გადაღებულ ვიდეოში ისმის, როგორ უხსნის მამნიაშვილი პოლიციელებს, რომ ჟურნალისტია და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. მოსამართლისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა, რომ მამნიაშვილი აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გიორგი მამნიაშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილისგან გახდა საჯაროდ ცნობილი, რომ მამნიაშვილი ღირსების შემლახველი მოპყრობის ობიექტი გახდა იზოლატორში, რაც მის სრულ გაშიშვლებაში და იძულებით ბუქნების გაკეთებაში გამოიხატა. შეუზღუდეს ასევე ადვოკატთან კონტაქტის შესაძლებლობა. ადვოკატი წერს, რომ გეგმავენ მიმართონ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტსა და თავდასხმაზე. ცეკვავას გადაწყვეტილება კი გასაჩივრდება როგორც სააპელაციო სასამართლოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ლიდა ცომაია, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება დაკავების ეპიზოდიდან.
24 ნოემბერს საღამოს თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მარშირებისას, კიდევ 8 დემონსტრანტი დააკავა პოლიციამ: ლუკა ხიზაძე, დათა ქაშიაშვილი, ლადო გამყრელიძე, გიორგი ყურუაშვილი, დათო ლომინაშვილი, ერეკლე კოპლატაძე, ირაკლი მოდებაძე და ავთო მიქაძე. პოლიციას მათი დაკავების მიზეზი არ განუმარტავს. სასამართლო მათ საქმეებს, მაღალი ალბათობით, 25 ნოემბერს განიხილავს.
18 ოქტომბრიდან „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ უფრო გაამკაცრა ისედაც რეპრესიული რეგულაციები პროტესტის ჩასახშობად. მას შემდეგ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით ასზე მეტი ადამიანი დააკავეს და სხვადასხვა ხანგრძლივობის, 1-დან 15 დღემდე პატიმრობაში გაუშვეს. ახალი რეგულაციებით, განმეორებით გზის გადაკეტვაზე [თუ პირველი გადაკეტვის მერე პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს პირს], სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება და 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პროტესტში მონაწილეობის გამო და გზის გადაკეტვის საბაბით, ზურა მენთეშაშვილია. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ზურა მენთეშაშვილი დაკავების შემდეგ, პირველი ნოემბრიდან შიმშილობს.
ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, როცა პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება აღარ მისცა აქციის მონაწილეებს და დემონსტრანტებმა პროტესტის გამოხატვის ალტერნატიულ ფორმებს მიმართეს, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე მარშირების სახით, არაერთი დემონსტრანტი დააკავეს ძალადობრივად პოლიციის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის საბაბით. არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ტროტუარებიდან გატაცებით, სწორედ იმ ეპიზოდებში, როდესაც პოლიცია გადადიოდა ძალადობრივ ქმედებებზე და დემონსტრანტების მიმართ აგრესიაზე.