საკონსერვო კომპანია “კულას” დამფუძნებლის, ვანო გოგლიძის განცხადებით, უხვი ნალექების გამო კომშის მოსავალი მნიშვნელოვნად დაზარალდა, რამაც ბაზარზე დეფიციტი და ფასების თითქმის ოთხჯერ ზრდა გამოიწვია.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მსგავსი გამოწვევა წელს ალუბლის ბაზარზეც დაფიქსირდა, რომლის ფასიც ორჯერ გაიზარდა და კომპანიას მოცულობების შემცირება მოუწია.
“კომშის დეფიციტი არსებობს, თუმცა პროდუქციის შეძენას მაინც ვახერხებთ. შესაბამისად, ჩვენს წარმოებაზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია, რადგან ნაწილობრივ მარაგები გვქონდა და დანარჩენი მაღალი ფასით შევიძინეთ. მიუხედავად ამისა, პროდუქტზე ფასები არ გაგვიზრდია, რადგან პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით ფასების ზრდა, მოსავლის შემცირების გამო, არ შეგვიძლია”, – აცხადებს ვანო გოგლიძე.
“კულას” დამფუძნებლის ინფორმაციით, მათი პროდუქციის 70% უცხოურ ბაზრებზე, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მისივე თქმით, კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება “კულა” ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად “კულას” აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.
წყარო: bp.ge




