თავისუფლების მოედანთან პოლიცია დღესაც აკავებს დემონსტრანტებს

თბილისში, სადაც მოქალაქეები თითქმის ერთი წელია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს. დაკავებულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი.
დემონსტრანტები პოლიციამ თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის დასაწყისთან დააკავა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს იმის დასადგენად, რა მიზეზით აკავებს პოლიცია დემონსტრანტებს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ბოლო რამდენიმე დღეა, პოლიცია დედაქალაქში შეკრებილ დემონსტრანტებს აღარ აძლევს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლებას. ამის გამო აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს, თუმცა მათ პოლიცია მაინც უქმნის წინაღობებს. ამ დროს დემონსტრანტებს აკავებენ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლებით, სასამართლო კი მათ აჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.
„ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონით სადავო პარლამენტმა გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ შეზღუდა. განახლებული კანონით, აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
გარდა ამისა, თუკი ადამიანს მესამედ დააკავებენ „პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება