10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
რამდენად მნიშვნელოვანია სამართალწამოების არმცოდნე პირს ჰქონდეს თარჯიმნით სარგებლობის უფლება და რამდენად მძიმეა მსგავსი ტიპის დარღვევა, ამ კითხვას ალიასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სისხლის სამართლის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე პასუხობს:
საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე და შესაბამისად სისხლის სამართლის პროცესიც ქართულ ენაზეა, ეს ჩანაწერი გვხვდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–11 მუხლში. ასევე მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერში ის, რომ თუკი პირმა, პროცესის მონაწილემ, სათანადოდ არ იცის ქართული ენა, მას დაენიშნება თარჯიმანი. სათანადოდ არცოდნად ითვლება, თუ პირს თუნდაც მინიმალურ დონეზე აქვს პრობლემა. გარკვეული დეტალები ესმოდეს ქართულ ენაზე. შეიძლება, პირი გარკვეულწილად ფლობდეს ქართულ ენას, ნაწილი პროცესისა გაიგოს, ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა – გასაგები იყოს მისთვის, მაგრამ თუნდაც მცირედ დეტალსაც თუ ვერ იგებს ენობრივი ბარიერის გამო, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად უნდა დაენიშნოს თარჯიმანი. თარჯიმნის დანიშვნის პროცედურა ასეთია – თარჯიმნის დანიშვნა, გამოძიების ეტაპზე, სანამ უშუალოდ პროცესები დაიწყება, ხდება გამომძიებლის მხრიდან, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესში – აღნიშნული გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის მეექვსე ნაწილის “დ” ქვეპუნქტში, სადაც ვკითხულობთ, რომ თუ არსებობს კანონისმიერი საფუძველი, გამომძიებელი უფლებამოსილია მოიწვიოს თარჯიმანი. კანონიერი საფუძველი თარჯიმნის დანიშვნის არის, თუ პირმა სათანადოდ არ იცის ქართული ენა ან საერთოდ არ იცის – ამ შემთხვევაში გამომძიებელს შეუძლია მოიწვიოს თარჯიმანი. შეუძლია მოიწვიოს – არ ნიშნავს იმას, რომ არ არის ვალდებული მოიწვიოს, აქ იგულისხმება ის, რომ მას აქვს უშუალოდ ბერკეტი თარჯიმნის მოწვევის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და ამისათვის მას პროკურორი არ სჭირდება. გამომძიებელია, ამ შემთხვევაში, ვალდებულია მოიწვიოს თარჯიმანი. როდესაც ბრალდებულია პირი, რომელსაც სჭირდება თარჯიმანი, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38–ე მუხლი ამბობს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის, ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე. აღნიშნული ბრალდებულს აძლევს გარანტიას, რომ იგი სრულყოფილად იქნება ჩართული საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებში, სრულყოფილად იქნება ჩართული სასამართლო პროცესში. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის აღსასრულებლად უმნიშვნელოვანესია, რომ ბრალდებულმა ყველანაირი დეტალი გაიაზროს, სრულად ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია და არ დარჩეს არც ერთი მცირე საკითხიც, რაც მისთვის იქნება უცნობი, ენობრივი ბარიერის გამო. როდესაც საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედება, პირთან, რომელსაც ესაჭიროება თარჯიმანი, ტარდება თარჯიმნის გარეშე, ასეთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება საუცილებლად უნდა იყოს უკანონოდ ცნობილი და უკანონოდ უნდა ცნოს იგი სასამართლომ, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის არსებითი დარღვევა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. როგორც უკვე აღვნიშნე, ენის არმცოდნე, ან სათანადოდ არმცოდნე პირისთვის თარჯიმნის მოწვევა არის ვალდებულება, და არა შესაძლებლობა ან უფლება ვინმესი. ასეთ პირს, ასევე უნდა ჰყავდეს თარჯიმანი უშუალოდ სასამართლო პროცესზეც. წინასასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებების დაუშვებლობის საფუძველია ის, რომ თარჯიმანი არ ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს. თუ არსებით სასამართლო პროცესზე გამოვლინდება, რომ მტკიცებულებები შედგენილია უკანონოდ და არსებითი დარღვევით, სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს და პირის მიმართ აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
