“ეს გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას” – განცხადება “ოცნების” ახალ კანონპროექტზე

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები – ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, მათ შორის, ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბავშვებთან, აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” კანონპროექტს.
საუბარია “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” კანონპროექტზე, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს 10-14 წლის ბავშვებისთვის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, ამ დაწესებულებაში გადამისამართდებიან ბავშვები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკისთვის, მაგრამ ჩაიდინეს კანონდარღვევა.
სფეროს პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა არის “ძალიან კარგი ტერმინებით აქვთ შეფუთული”, თუმცა ის არა თუ ვერ მოაგვარებს პრობლემას – 14 წლამდე მოზარდების მიერ კანონდარღვევის შემთხვევებს -, არამედ გაუარესებს ამ ბავშვების სოციალურ მდგომარეობას. მათი განცხადებით, გამოსავალი არის მოზარდთა ამგვარი ქცევის პრევენცია, და არა ბავშვთა დასჯა.
“ჩვენ – “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, “ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი”, “მედიატორთა პროფესიული კავშირი” და “სოციალური მუშაკების გაერთიანება” ვეხმაურებით “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” კანონპროექტს და მივიჩნევთ, რომ შემაშფოთებელია აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, რაც, მიუხედავად საგულდაგულოდ შერჩეული ტერმინოლოგიისა, გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას. ყველაზე სენსიტიური კანონპროექტის ის ნაწილია, რომელიც 10-დან 14 წლამდე ბავშვის დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებას გულისხმობს. მივიჩნევთ, რომ საზოგადოებისთვის შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიუღწეველ არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკების შემცირებას, მისი დამტკიცებისა და აღსრულების შემთხვევაში, აღნიშნულ რისკებს არათუ გაზრდის, არამედ გამოიწვევს სხვა მავნე შედეგებს. კერძოდ: ბავშვის სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან მის იზოლაციას, რაც გამოიხატება მისთვის „კანონთან კონფლიქტში მყოფის“ სტატუსის მინიჭებაში, მიუხედავად იმისა, განთავსდება თუ არა ის დახურულ დაწესებულებაში. მსგავსი იარლიყის მინიჭება ბავშვის მხრიდან განამტკიცებს „კანონდამრღვევისა და პრობლემური ბავშვის“ თვითაღქმას და ამ იარლიყიდან გამომდინარე ქცევას, რაც დადასტურებულია კონკრეტული სამეცნიერო თეორიებით; ემოციური და ფსიქოსოციალური განვითარების შეფერხების რისკებს. კვლევები ამტკიცებს, რომ 10-14 წლის ასაკის მოზარდები განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან სოციალური შეფასებების მიმართ. საზოგადოებისგან იზოლაციამ, შესაძლოა, არა მარტო ჩამოაყალიბოს უნდობლობა უფროსებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ხელი შეუწყოს დეპრესიას, შფოთვასა და სხვა ქცევით თუ ფსიქიკურ სირთულეებს, რომელთა რეგულაცია დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ძალიან რთული სამართავი იქნება; თანატოლების ნეგატიური ზეგავლენის ზრდას: რთული ქცევის მქონე ბევრი ბავშვის ერთ სივრცეში მოთავსება ზრდის არაჯანსაღი როლის გათავისებას და დევიაციური ქცევის გავრცელების რისკს; სოციალური უნარების განვითარების შეფერხებას: ინსტიტუციური გარემო ხელს უშლის ემოციური რეგულაციისა და ურთიერთობების მართვის უნარების განვითარებას, რომლებიც მოზარდობის ასაკში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ოჯახთან, სკოლასთან და საზოგადოებასთან კავშირის დაკარგვა ამცირებს ბავშვის მხარდამჭერ ქსელს და ზრდის დევიაციური ქცევის გაგრძელების ალბათობას. 10-14 წლის ასაკში ბავშვის განვითარების ბუნებრივი მახასიათებელია იმპულსურობა, ქცევის შედეგების გაცნობიერების სირთულე და ზეგავლენის ქვეშ მარტივად მოქცევის ალბათობა. ეს ბუნებრივი თვისებები პრობლემად იქცევა მაშინ, როცა გარემო არასათანადოა. რადგან რთული ქცევა უმეტესად გარემოს პრობლემაზე მიუთითებს, გამოსავალი ამ გარემოს გაუმჯობესებაა და არა ბავშვის იზოლაცია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება ტრადიციული, სადამსჯელო მიდგომის ალტერნატივაა, რომელიც აქცენტს აკეთებს არა დასჯაზე, არამედ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე, პასუხისმგებლობის აღებასა და ურთიერთობების აღდგენაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომა მოითხოვს, რომ ბავშვების ქცევა, თუნდაც მძიმე შედეგიანი, განიხილებოდეს როგორც ბავშვთა დაცვისა და სოციალური პოლიტიკის საგანი და არა როგორც „სანქციების ობიექტი“. სახელმწიფოსთვის ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ბავშვის ქცევა არის ფუნდამენტური პრობლემის სიმპტომი. ეს მიდგომა არ გულისხმობს ბავშვის პასუხისმგებლობის უგულებელყოფას, პირიქით, ეხმარება მას პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და ქცევის შეცვლაში და არ იწვევს თავად ბავშვის პიროვნების სტიგმატიზებას. მაგალითად, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების ღირებულებებს ეყრდნობა და მასზე მიმართულია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის რესურსი, აჩვენებს, რომ არასრულწლოვნების 90%-ზე მეტი განმეორებით დანაშაულს აღარ ჩადის. ამის საპირწონედ, დაანონსებული ცვლილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიუღწეველ ბავშვებს უფრო დიდ ტვირთს აკისრებს, ვიდრე 14 წლის ზემოთ არასრულწლოვნებისთვისაა კანონმდებლობით განსაზღვრული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების პროცესი. ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია ახსნა–განმარტება კანონპროექტის ავტორების მხრიდან, მათ შორის: რა სამეცნიერო, საერთაშორისო ან ადგილობრივ პრაქტიკას, კვლევებს, ბავშვთა განვითარების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებს დაეფუძნა კანონპროექტის შინაარსი და კონკრეტულად 10-14 წლის ბავშვებისთვის „კანონთან კონფლიქტში მყოფის“ სტატუსის მინიჭება? შემუშავდა თუ არა კანონპროექტი სფეროს კომპეტენტურ სპეციალისტებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით და იყო თუ არა კოორდინაცია ზრუნვის სააგენტოსთან, თვითმმართველობის ორგანოებთან, სოციალურ სააგენტოსთან და ყველა სხვა უწყებასთან, რომელსაც ეხება როგორც არასრულწლოვნებზე ზრუნვა, ასევე დანაშაულის პრევენცია? აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს, 10-14 წლის ბავშვებში დანაშაულის პრევენციისა და რთული ქცევის კორექციისთვის, მათი დაცვის, კეთილდღეობისა და მხარდაჭერისთვის, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა და სერვისების შეთავაზება, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მობილიზება თუ ოჯახების მხარდაჭერა? სრულფასოვნად ასრულებენ თუ არა შესაბამისი უწყებები თავიანთ ვალდებულებებს? და თუ არ ასრულებენ, რა არის ამის მიზეზი? იმის გამო, რომ სახელმწიფო უწყებები სრულფასოვნად ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ამ მიმართულებით, გამოსავლად არ უნდა დავსახოთ დახურული დაწესებულება. ამ ტიპის ინსტიტუცია შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი აუცილებლობა ბავშვის უსაფრთხოების დასაცავად. კერძოდ მაშინ, როდესაც ბავშვი არის მძიმე თვითდაზიანების ან სუიციდის უშუალო რისკის ქვეშ, ოჯახური გარემო არის სახიფათო და ყველა სხვა მხარდაჭერის ფორმა ამოწურულია. დახურულ სივრცეში განთავსება უნდა იყოს დროებითი ღონისძიება კრიზისულ სიტუაციაზე საპასუხოდ, რომელიც ხორციელდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. პრობლემის გადაწყვეტის უკეთესი გზა არის მუშაობა ბავშვთან რეალურ გარემოში. ეს მოიცავს: ბავშვთან ყოველდღიურ ან ხშირ კონტაქტს სოციალური მუშაკის/მენტორის მხრიდან; ოჯახთან მუშაობას, რაც გულისხმობს მშობლის მხარდაჭერას სოციალური პრობლემების მოგვარებასა და სწორი აღზრდის უნარების განვითარებაში; სასკოლო პროცესში დაბრუნების/ჩართვის მიზნით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მომზადებას, სოციალური მუშაკის ყოველდღიურ ჩართულობას მის განხორციელებაში და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ კონფლიქტების სწრაფ მედიაციას. როგორც საზოგადოება ვერ განვითარდება პრობლემის დამალვით, ისე ბავშვის ქცევა ვერ შეიცვლება მისი იზოლაციით. რეალური ცვლილებები იწყება პრევენციით, მხარდაჭერით და იმ გარემოს გაჯანსაღებით, რომლის ანარეკლია ბავშვი”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
· ბავშვის სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან მის იზოლაციას, რაც გამოიხატება მისთვის „კანონთან კონფლიქტში მყოფის“ სტატუსის მინიჭებაში, მიუხედავად იმისა, განთავსდება თუ არა ის დახურულ დაწესებულებაში. მსგავსი იარლიყის მინიჭება ბავშვის მხრიდან განამტკიცებს „კანონდამრღვევისა და პრობლემური ბავშვის“ თვითაღქმას და ამ იარლიყიდან გამომდინარე ქცევას, რაც დადასტურებულია კონკრეტული სამეცნიერო თეორიებით;
· ემოციური და ფსიქოსოციალური განვითარების შეფერხების რისკებს. კვლევები ამტკიცებს, რომ 10-14 წლის ასაკის მოზარდები განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან სოციალური შეფასებების მიმართ. საზოგადოებისგან იზოლაციამ, შესაძლოა, არა მარტო ჩამოაყალიბოს უნდობლობა უფროსებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ხელი შეუწყოს დეპრესიას, შფოთვასა და სხვა ქცევით თუ ფსიქიკურ სირთულეებს, რომელთა რეგულაცია დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ძალიან რთული სამართავი იქნება;
· თანატოლების ნეგატიური ზეგავლენის ზრდას: რთული ქცევის მქონე ბევრი ბავშვის ერთ სივრცეში მოთავსება ზრდის არაჯანსაღი როლის გათავისებას და დევიაციური ქცევის გავრცელების რისკს;
· სოციალური უნარების განვითარების შეფერხებას: ინსტიტუციური გარემო ხელს უშლის ემოციური რეგულაციისა და ურთიერთობების მართვის უნარების განვითარებას, რომლებიც მოზარდობის ასაკში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ოჯახთან, სკოლასთან და საზოგადოებასთან კავშირის დაკარგვა ამცირებს ბავშვის მხარდამჭერ ქსელს და ზრდის დევიაციური ქცევის გაგრძელების ალბათობას.