“TV პირველის” ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი მოსამართლემ 3 ათასი ლარით დააჯარიმა

“TV პირველის” ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3000 ლარით დააჯარიმა.
გიორგი მამნიაშვილი 22 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ინგოროყვას ქუჩაზე. ტელეკომპანიის თანახმად, მამნიაშვილი აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იგივე გაიმეორა სასამართლოზე ჟურნალისტმაც.
გიორგი მამნიაშვილის თანახმად, ის დემონსტრანტების დაკავებას იღებდა მობილური ტელეფონით, რა დროსაც პოლიციელებმა სცადეს ტელეფონი ხელიდან გაეგდებინებინათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პოლიციელმა ლაშა სალუქვაძემ თქვა, რომ დაეკავებინათ. ამ დროს გიორგი მამნიაშვილმა პოლიციას ჟურნალისტის დამადასტურებელი პრესის ბარათიც უჩვენა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ, გიორგი მამნიაშვილის თხოვნის საფუძველზე, ნახა დაკავებამდე მისი ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ უხსნის გიორგი მამნიაშვილი პოლიციელებს, რომ ჟურნალისტია და მუშაობს.
-ს პოზიციით, გიორგი მამნიაშვილი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა უმისამართოდ და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ხელი არ შეეშალა მათთვის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამნიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
მამნიაშვილის ტელეფონით გადაღებული ვიდეოში გინება არ ისმის, ამ არგუმენტით მისი ადვოკატი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვდა.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ნიკა შიუკაშვილმა თქვა, რომ გიორგი მამნიაშვილი მობილური ტელეფონით იღებდა დაკავებებს პოლიციის მანქანასთან, რის გამოც რამდენჯერმე მიუთითეს გაწეულიყო, რა დროსაც მან უმისამართოდ შეიგინა. რის შემდეგაც დააკავეს, მან და მისმა თანამშრომლებმა.
მოსამართლის შეკითხვის პასუხად, ჰქონდა თუ არა მამნიაშვილს მიკროფონი ან ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელი სხვა ნიშნები, ან ხომ არ უხსენებია, რომ ჟურნალისტი იყო, მოწმემ უპასუხა, რომ მისი პრესბარათი მხოლოდ გასინჯვის დროს ნახეს.
იმ საფუძვლით, რომ “სარწმუნოდ არ მიიჩნია, რომ მამნიაშვილი ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა”, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიორგი მამნიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა.
გიორგი მამნიაშვილის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, თქვა რომ მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ედო ხელბორკილები, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ დაკავებულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ან საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა, შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით.
პოლიციაში გაშიშვლების პრაქტიკას, – რაზეც არაერთი დაკავებული აქტივისტი თუ პოლიტიკოსი, მათ შორის ქალები, საუბრობენ, – ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი უწოდებს „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.
ფორუმი