იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს როგორც ფასის, ისე – ხარისხისა და მოცულობის თვალსაზრისით, საჭიროა ფერმერების გაერთიანება – აღნიშნულის შესახებ „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
„ექსპორტის ყოველწლიური ზრდა გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა უფრო მეტია. დეფიციტი იმპორტსა და ექსპორტს შორის დაახლოებით 500-600 მილიონი დოლარია.
მომხმარებელს უნდა იაფი და ხარისხიანი პროდუქცია, რაც უნდა დაბალანსდეს ფერმერული მეურნეობების გაერთიანებით. არ არის აუცილებელი, ერთ ფერმერს ჰქონდეს 100 ჰექტარი, საკმარისია, 100 ფერმერი გაერთიანდეს კოოპერაციაში, მოიყვანოს ერთგვაროვანი პროდუქცია, ხარისხიანი და მიაწოდონ ბაზარს. ერთ პატარა ფერმერს აუცილებლად გაუჭირდება ქსელურ მაღაზიებში შესვლა, რადგან როცა მხოლოდ 2 ტონა ხახვი აქვს, მას ქსელური მაღაზია ვერ დაელაპარაკება. გამოსავალი ის არ არის, რომ ვისაც მხოლოდ 2 ვედრო ატამი აქვს, იმ ატამში რაც შეიძლება ძვირი გადავუხადოთ. გამოსავალია ის, რომ ადამიანები გაერთიანდნენ და 2 ვედროს ნაცვლად, 2 ათასი ტონა ატამი მოიყვანონ. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ – 2017 წელს ატმის გასაყიდი ფასი იყო 1 კილოგრამი 20-30 თეთრი. მას შემდეგ, რაც გაკეთდა მაცივრები, ექსპორტმა 35 ათას ტონას მიაღწია, ღირებულება კი 5-7 ლარი გახდა იმიტომ, რომ სწორედ გამსხვილება მოხდა, სისტემა შეიკრა“, – განმარტავს გიორგი ხანიშვილი.




