ვაშინგტონის ქუჩებში ერთი ჩვეულებრივი, მანქანა დადის, რომელსაც „უბერის“ აპლიკაციით გამოძახებული მგზავრები გადაჰყავს. მძღოლი, ჭაღარა, ოდნავ მოტეხილი 54 წლის კაცი, თავაზიანად ესალმება კლიენტებს, უღიმის და დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს. მგზავრებმა არ იციან, რომ მათ საჭესთან ზის ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ მთელი ერის კერპი, მილიონერი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ნაწილი იყო. ეს ჰაკან შუქურია — „ბოსფორის ხარი“, რომლის სახელიც საკუთარ სამშობლოში დღეს აკრძალულია.
მისი ისტორია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პოლიტიკური თრილერია. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაკანმა ისტორია დაწერა — მან სამხრეთ კორეასთან მატჩის მე-11 წამზე გაიტანა გოლი, რაც დღემდე მუნდიალების ისტორიაში უსწრაფეს გოლად რჩება. თურქეთში ის ნახევარღმერთი იყო. მისი ქორწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო მეჯვარე თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყო. „გალათასარაის“ სტადიონზე მისი სახელი ოქროს ასოებით ეწერა. მას ჰქონდა ყველაფერი: დიდება, ფული, გავლენა და ხალხის უსაზღვრო სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც ჰაკანმა პოლიტიკაში შესვლა და ერდოღანის რეჟიმის კრიტიკა გადაწყვიტა. მან ხმამაღლა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. პასუხმაც არ დააყოვნა — გუშინდელი გმირი დღევანდელ „ტერორისტად“ გამოაცხადეს.
სახელმწიფომ მას ყველაფერი წაართვა: გაუყინეს საბანკო ანგარიშები, ჩამოართვეს ბიზნესები, მამამისი ციხეში ჩასვეს, ხოლო მისი სახელი ისტორიის სახელმძღვანელოებიდან და სტადიონებიდან ამოშალეს. თურქ კომენტატორებს ეთერში მისი გვარის ხსენებაც კი აეკრძალათ; როდესაც 2022 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთმა კომენტატორმა შემთხვევით ახსენა, რომ „უსწრაფესი გოლი შუქურს ეკუთვნის“, ის შესვენებაზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სიცოცხლის გადასარჩენად ჰაკანი იძულებული გახდა, ამერიკაში გაქცეულიყო. დღეს თურქეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელსაც 51 გოლი აქვს გატანილი ნაკრებში, თავს ტაქსის მძღოლობითა და წიგნების გაყიდვით ირჩენს. როდესაც გერმანელმა ჟურნალისტებმა მას ამერიკაში მიაკვლიეს და ჰკითხეს, ნანობდა თუ არა თავის არჩევანს, მან უპასუხა: „მათ წამართვეს სახლი, ფული და სამშობლო, მაგრამ ვერ წამართვეს ღირსება. მე დავკარგე მილიონები, მაგრამ შევიძინე თავისუფლება“.




