„საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვაო სექტორში წარმატებულ თანამშრომლობას განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს“კოორდინაცია გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა, ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე მინისტრების მოადგილეები – თამარ იოსელიანი და დურმუშ უნუვარი ესწრებოდნენ.
ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შედგა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობის მრავალ მიმართულებას, მათ შორის, საზღვაო სექტორს, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა ძალიან აქტიურია და განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. მინისტრებმა ისაუბრეს საბორნე გადაზიდვების ახალი მარშრუტების შესაძლებლობებზე და ამ კუთხით ერთობლივ კვლევებზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და, ზოგადად, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული ტრანზიციისა და საზღვაო სფეროს გაციფრულების, საზღვაო განათლებისა და ტრენინგების, ჰიდროგრაფიის სფეროში თანამშრომლობის, გემთმშენებლობის კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და სხვა საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის საზღვაო სექტორს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული მმართველობის გაძლიერებისთვის.მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში იმყოფება, სადაც გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა IMO-ს გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის ორმხრივი შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.
მარიამ ქვრივიშვილისა და აბდულქადირ ურალოღლუს შეხვედრას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი და საქართველოს დროებითი რწმუნებული დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, IMO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გიორგი არჩემაშვილიც ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




