წელს ევროპელი ტურისტების ნაკლებობა ძალიან თვალშისაცემი იყო – შოთა ბურჯანაძე

წელს ევროპელი ტურისტების ნაკლებობა ძალიან თვალშისაცემი იყო – შოთა ბურჯანაძე
საერთაშორისო გამოფენები, ევროპელი ტურისტების ნაკლებობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – ეს არის საკითხები, რომელთაც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას შეეხო.
შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა, იქნება ეს გასტრონომიული თუ სხვა შინაარსის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებების დახმარებით ხდება ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა.
„ყოველწლიურად იმატებს ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ინტერესი, ბუნებრივია არ უნდა გავანელოთ. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპელი ტურისტები, რომლებიც წელს ნამდვილად გვაკლდა და თვალშისაცემი იყო მათი ნაკლებობა, არ დავკარგოთ“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძე პრობლემებზეც საუბრობს და ერთ-ერთ მთავარი პრობლემად ინფრასტრუქტურის გაუმართაობას ასახელებს.
„ტურისტს რომ აუხსნა აქაური ინფრასტრუქტურა, შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში აღარ ჩამოვიდეს. ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც არსებობს, ეს არის მანქანით გადაადგილების შესაძლებლობა, ისიც მეტ-ნაკლებად. დანარჩენი, რაც ინფრასტრუქტურაში შედის და ტურისტისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, იქნება ეს ტრანსპორტი თუ სხვადასხვა მიმართულებების რუკა, ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაქვს. ამ კუთხით ქვეყანას აუცილებლად სჭირდება განვითარება. ტურისტს თბილისის გარეთ გასვლის სურვილი და შესაძლებლობაც უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.