შს მინისტრის მოადგილე: დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ დაკავებულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ან საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა, შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით.
ასე გამოეხმაურა ის ბრიფინგზე “TV პირველის” დაკავებული ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას – განხორციელდა თუ არა მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება.
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე თქვა, რომ სასამართლოში წარადგენენ ყველა საჭირო მტკიცებულებას, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რის გამოც მამნიაშვილი 22 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
„რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ადამიანის შესახლება ხდება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის. შესაბამისად, ხორციელდება ყველა იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ასევე ჩვენი კანონმდებლობით“, – თქვა დარახველიძემ.
მისივე განმარტებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ასევე ე.წ. ბუქნების კეთებაც.
გიორგი მამნიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციის დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევას ედებიან.
გიორგი მამნიაშვილის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, თქვა რომ მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ედო ხელბორკილები, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.
პოლიციაში გაშიშვლების პრაქტიკას, – რაზეც არაერთი დაკავებული აქტივისტი თუ პოლიტიკოსი, მათ შორის ქალები, საუბრობენ, – ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი უწოდებს „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.
პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა, შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა.
2025 წლის 13 ივნისს კი გაავრცელა განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა და პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
ფორუმი