“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), რომელიც გამოცემა “ბათუმელებისა” და ონლაინპლატფორმა “ნეტგაზეთის” რედაქტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მისი მხედველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებით მიხედვით, მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები.
“ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი”.
მზია ამაღლობელს 2013 წელს ექიმებმა მარცხენა თვალზე დაუსვეს კერატოკონუსის დიაგნოზი და დაავადების პროგრესირების დასარეგულირებლად ამავე წელს თურქეთში ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად მისი მხედველობა მარცხენა თვალზე შენარჩუნდა მხოლოდ 2%-მდე, თუმცა მისი მხედველობა სტაბილური იყო ძირითადად მარჯვენა თვალის ხარჯზე, აცხადებს საია.
ორგანიზაციის თანახმად, მდგომარეობის გათვალისწინებით, მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციით ყოველ 3-6 თვეში იტარებდა გამოკვლევებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
“2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ, მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე. ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – 90%-სა”.
2025 წლის 1 ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა მაღალტექნოლოგიური თვალის კვლევების ჩატარება სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“.
“მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება. წერილში ხაზგასმული იყო, რომ ამ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა და სახელმწიფოს არ მოუწევდა დამატებითი ხარჯების გაღება. ამ დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოპოგრაფიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება. კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება, მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას, შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს. მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის თანახმად, ამ კლინიკების ნაცვლად მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა ,,მზერაში“. სადაც მზია ამაღლობელს მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
“გამოკვლევების დროისათვის, მისი მხედველობა მარცხენა თვალში იყო 0,01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში – 0,1-0,2. მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროსლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა, ამავე დასკვნით, არის მხოლოდ 1%”, – წერს საია.
უფლებადამცველი ორგანიზაცია მზია ამაღლობელზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ “მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის – ,,კროსლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები. ამიტომ, მზია ამაღლობელმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა:
,,…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა ,,მზერა“-ს არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა ,,მზერა“-ს ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია. ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები – რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე. ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი. ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“.
საია წერს, რომ სამედიცინო შეფასებების მიუხედავად, რომელიც “ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა”.
ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს მხედველობის დაქვეითების მიზეზის დადგენას საჭირო მკურნალობის დაგეგმვისთვის, “რადგან დაავადების პროგრესირების შემდეგ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება”
საია წერს, რომ “ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის სასჯელაღსრულების სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე 2025 წლის 13 აგვისტოს, 8 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 13 ნოემბრის განცხადებები მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე უცნობია, ბოლო გამოკვლევებიდან დღემდე, კიდევ გაუარესდა თუ არა მზია ამაღლობელის მხედველობა, რომელიც ბოლო კვლევებისას უკვე კრიტიკულ ნიშნულზე იყო”.
“მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ა.შ. შესაბამისად, მზია ამაღლობელს წართმეული აქვს მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება”
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საია მიმართავს:
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში („ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“) მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.
საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად.
რადიო თავისუფლებამ შეკითხვით მიმართა პენიტენციური სამსახურს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) 2-წლიან პატიმრობაში დატოვა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი:
· მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
· პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
· მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფორუმი




