შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის მიმართ განხორციელდა თუ არა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის შესახლებისას სავალდებულოა გაშიშვლება, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. მისივე თქმით, შსს ყველა საჭირო მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა ჟურნალისტის მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი მსგავს ქმედებას სჩადის, ბუნებრივია, მის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიება გატარდება. ჩვენ წარვადგენთ ყველა საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ადამიანის შესახლება ხდება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის. შესაბამისად, ხორციელდება ყველა იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ასევე ჩვენი კანონმდებლობით“,- განაცხადა დარახველიძემ.
რაც შეეხება ე.წ. ბუქნების კეთებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ შემოწმება კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
„შემოწმება მოიცავს გაშიშვლების კომპონენტსაც. გათვალისწინებულია დაწესებულებაში შესახლების დროს. ეს არის სავალდებულო კომპონენტი იმისთვის, რომ თუკი არსებობს რაიმე დაზიანებები მის სხეულზე, დროულად აღიწეროს ექიმის მხრიდან და ეცნობოს დაზიანებები შესაბამის საგამოძიებო სამსახურს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაკისრი გვაქვს სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ რაიმე ტიპის გადაცდომა მოხდა პოლიციის მხრიდან, ექიმი ვალდებულია, თუკი ეს ინფორმაცია მიღო, დროულად აცნობოს საგამოძიებო ორგანოს და მას ექნება საშუალება, მიაწოდოს გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია, ოღონდ ამას აწარმოებდეს დამოუკიდებელი უწყება და არა შსს“,-განაცხადა დარახველიძემ.
მისი განმარტებით, გიორგი მამნიაშვილს პოლიციის დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
„ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. შესაბამისად, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში, რომელიც ადასტურებს მისი მხრიდან ადმინისტრაციულ გადაცდომის ჩადენის ფაქტს, სადაც განხილული იქნება და კონკრეტულ მხარეებს შესაბამისი მტკიცებულება მიეწოდება“,- განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილის მიმართ, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, გიორგი მამნიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს. გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე დააკავეს.




